ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

maestroვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

 რეალურად სად და როგორ დაიგეგმა „მაესტროს“ სკანდალი 

ისეთი პირი უჩანს, რომ მარტო ამ კვირის კი არა, ალბათ, მომავალი რამდენიმე კვირის და შეიძლება, თვის მთავარი ამბავი ისევ „მაესტრო“ და, ზოგადად, ქართულ ტელემედიაში მიმდინარე მოვლენები იქნება. „თაიმერის“ კონფიდენციალური რესპოდენტი, რომელიც თავის ვინაობას, ტრადიციულად, არც ამჯერად ამხელს, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ „მაესტროს“ ამბები პოლიტიკურ კულუარებში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ საჯარო არ გამხდარა.

 

„ეს საზოგადოებას უკვირს, რაც ახლა „მაესტროში“ ხდება, თორემ ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცნობილი ჯერ კიდევ 2013 წელს იყო. უბრალოდ, მაშინ ამ „გარჩევებში“ გიორგი კვირკაშვილი არ ფიგურირებდა,“ – აღნიშნავს ჩვენთან საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი, რომლის მონაყოლის მიხედვითაც, ძმებ გაჩეჩილაძეებს „მაესტროს“ სრული გაკონტროლების სურვილი იმ დღიდან აქვთ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა.

 

„ზოგადად, ყველა ტელევიზია მხოლოდ პოლიტიკური კი არა, ამასთან ერთად, ბიზნესვაჭრობის საგანიც არის. ყველაფერს ამ პრიზმაში თუ განვიხლავთ, მივხვდებით, რომ „მაესტროში“ რამე განსაკუთრებული და საგანაგაშო არაფერი ხდება. უბრალოდ, აქ ბიზნესინტერესებს პოლიტიკურიც დაემთხვა, – აღიშნავს „თაიმერის“ ფარული რესპოდენტი და თხრობას აგრძელებს, – რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, ამ ადამიანის სახელი და გვარი ფართო საზოგადოებამ შეიძლება, ახლა გაიგო, თორემ ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის, ვინც პოლიტიკურ პროცესებს შიგნიდან აკვირდება კარგად არის ნაცნობი. მეტსაც გეტყვით, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ითქვა და ამის შესახებ, თუ არ ვცდები, მედიაშიც დაიწერა, რომ რუხაძეს საქართველოს პრემიერობა უნდოდა, მაგრამ მაშინ მისი გეგმა ჩავარდა. ახლა კი ისეთ რამეს გეტყვით, რომ შეიძლება, ჭკუიდან გადახვიდეთ, მაგრამ სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.

 

ბევრი რომ აღარ მივედ-მოვედო, რუხაძეს პოლიტკური ამბიციები ყოველთვის ქონდა, მაგრამ რადგან პრემიერობა არ გამოუვიდა, ახლა, როგორც მე მითხრეს, ვიღაცებმა დაარწმუნეს, რომ მშვენერი საპრეზიდენტო კანდიდატია. დიახ, მე არ გამიკვირდება, რომ 2017 წელს, რუხაძე „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.“

 

„თაიმერს“ წყაროს მონათხრობში, ბუნებრივია, ეჭვი შეეპარა და წყაროს დეტალების დაკონკრეტება სთხოვა. ჩვენმა რესპოდენტმა ასეთი ვერსია შემოგვთავაზა:

 

„ყურადღება თუ მიაქციეთ, ბაია გადაბაძემ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი თუ დღეს პრემიერია, ეს „მაესტროს“ დამსახურებააო. არავის გაგიჩნდათ კითხვა, გადაბაძემ ეს ფრაზა რატომ თქვა? ამასთან, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი კვირიკაშვილს მომღერალი „უცნობი“ (გია გაჩეჩილაძე) კანცელარიაში შეხვდა. საქმე, როგორც მე ვიცი, შემდეგშია: რუხაძეს უთხრეს, რომ მისი პრემიერობა აღარ გამოვა, რადგან კვირიკაშვილი ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა არის. სამაგიეროდ, თუ თამაშში ჩაერთვება, იმდენს გააკეთებენ, რომ პრეზიდენტად დასვამენ.“

 

„თაიმერი“, რასაკვირველია, დაინტერესდა, თუ პოლიტიკურ კულუარებში ასეთი „რაზბორკები“ რეალურად მიმდინარეობს, ვინ მონაწილეობს მასში. ჩვენმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდოთ, ეს ხელისუფლების ერთი ფრთის გეგმაა, თუმცა მეტი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ გარკვეული მინიშნებები გააკეთა, ანუ ჩვენი წყაროს ვერსიის შესაბამისად, ამ თამაშში მაკა ასათიანის მხარე მხოლოდ იმ ფორმით არის ჩართული, რომ ის „მაესტროს“ დათმობის სანაცვლოდ ფულს ითხოვს, ანუ მას არ აქვს პოლიტიკური ინტერესები და თუ ამ ფულს მიიღებს, „მაესტროსთვის“ ბრძოლასაც შეეშვება.

 

„ეს ფული კი ერთი-ორი მილიონი დოლარი არ გეგონოთ. ძალიან დიდ თანხაზეა, ალბათ, ლაპარაკი. რაც შეეხება წილების გადაფორმებას და იმას, რომ „მაესტროს“ სარეკლამო დრო იყიდა „იმედმა“ და ასე შემდეგ, ამ ყველაფრით პოლიტიკური ინტერსების კარგად შეფუთვა მოხდა და სულ ეს არის. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, „მაესტრო“ რა ისეთი გავლენანი ტელევიზიაა, რომ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონო, მაგრამ ნებისმიერი მედია-საშუალება პოლიტიკური იარაღია, მით უმეტეს, მაშინ, როცა არჩევნებამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი, თან მედიასაშუალება გავლენიანი და რეიტინგული მაშინ ხდება, როცა ფული აქვს. ამ პროექტში კი ძალიან დიდი ფულის დაბანდება მოხდება.

ვთქვათ, რუხაძე პრეზიდენტობის კანდიდატად მართლა წამოაყენეს, ხალხი მას არ იცნობს. შეიძლება, ჟურნალისტებმა რაღაც-რაღაცები ამოუქექონ, მაგრამ ისეთ კომპრომატს ვერ დაუდებენ, რომ ქვეყანა დაიქცეს. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანს სახელმწიფო სამსახურში, როგორც მე გავარკვიე, არასოდეს უმუშავია. ასე რომ, ნებისმიერი პოლიტკური ძალისთვის მისაღები ფიგურაა, თან ახალი სახეა. ხალხს კი, მარგველაშვილის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, სწორედ ახალი სახეები მოსწონს. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკური თამაშის დააწყისია და ძალიან მიკვირს, არასამთავრობო ორგანიზაციები მარტო იმას რომ გაჰყვრიიან, აი, ხელისუფლება მედიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობსო. იმ ყველაფერს, რაც მე გითხარით, თუ ვინმე კარგად გაანალიზებს, მიხვდება, რომ მედიაზე ზეგავლენის მოპოვება მედლის მხოლოდ ერთი, თან არცთუ მნიშვნელოვანი მხარეა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

 

banner
წინა სტატიაში“უნდა გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა “მაესტროს” საქმეში”
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება