ვერ აპატიეს მწერლებს პროტესტი იმისათვის, რომ ზვიად რატიანი პოლიციამ დაასახიჩრა – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

მწერლები კულტურისა და განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – მწერალთა სახლში შეკრებილმა ავტორებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა.

„ჩემთვის ეს არის მიმართული აშკარად ძალიან წარმატებული ორგანიზაციის დამოუკიდებელი, თავისუფალი ორგანიზაციის დასუსტებისკენ. ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, თუ სხვა სარჩული აქვს, არ ვიცი. ზუსტად ამ კითხვებს ვსამ მეც თქვენთან ერთად და ძალიან მინდა, რომ რამენაირად ეს ყველაფერი გაირკვეს“, – განაცხადა მწერალთა სახლის ყოფილმა დირექტორმა, ნატა ლომოურმა.

მწერლები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მათ პროტესტს უკავშირებენ, როდესაც მათ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე ზვიად რატიანზე პოლიციელების მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს.

„წიგნის ცენტრიც და მწერალთა სახლიც არაკონტროლირებადი აღმოჩნდა, მათ ვერ აპატიეს მწერლებს პროტესტი იმისათვის, რომ ზვიად რატიანი დაასახიჩრა პოლიციამ. ამაზე პასუხი არავის არ უთხოვია და ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი ფრანკფურტში მთელი მსოფლიოს გასაგონად და ჭეშმარიტი სახის საჩვენებლად. ეს ერ აპატიეს, ვერ აპატიეს, რომ ვერ გაიტანეს თავისი, რომ სალომე ზურაბიშვილი და მანანა ბერიკაშვილი არ გამხდარიყვნენ გამგებლები ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგინების,“ – განაცხადა ფილოსოფოსმა, გიორგი მაისურაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, განათლების სამინისტრომ არადემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო.

„მგონი განათლების სამინისტროს დაავიწყდა, რომ მწერალთა სახლი არის მწერლების. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ ხალხთან კონსულტაციის გარეშე არავითარი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლებოდა. თვითონ ფორმა, როგორ მიაუქმეს ეს ორი დაწესებულება, მეტყველებს იმაზე, რამდენად არადემოკრატიულად არის გადაწყვეტილებები მიღებული განათლების სამინისტროში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ თალაკვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავებულის ოჯახს მისი ადგილსამყოფელი დაუმალეს
შემდეგი სტატიაროგორც არ არსებობს ნახევრად ორსული, ისევე არ არსებობს ნახევრად სამართლიანი არჩევნები – ბაჩუკი ქარდავა