როგორც არ არსებობს ნახევრად ორსული, ისევე არ არსებობს ნახევრად სამართლიანი არჩევნები – ბაჩუკი ქარდავა

როგორც არ არსებობს ნახევრად ორსული, ისევე არ არსებობს ნახევრად სამართლიანი, ნახევრად დემოკრატიული არჩევნები – საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების არასებობის აუცილებლობას განმარტავს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პარალელურად საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საარჩევნო ბლოკების არსებობა პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის შენარჩუნებისთვისაა საჭირო.

„ეს ადამიანი ცდილობს, რომ რაღაც მანიპულაციები და ბერკეტები მაინც ჩადოს კანონში, რომ იქნებ გამოადგეს იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლებაში დარჩეს. იქნება ეს ბლოკები, ნულოვანი ბარიერი და ა.შ. ეს არ გამოვა. ისევე, როგორც არ არსებობს ნახევრად ორსული, ისევე არ არსებობს ნახევრად სამართლიანი არჩევნები, ნახევრად დემოკრატიული არჩევნები. ან ბიძინა ივანიშვილი სრულად გადავა პროპორციულ სისტემაზე, ქვეყანაში ჩაატარებს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს და წავა ხელისუფლებიდან, ან ქუჩის პროტესტი არ დასრულდება“, – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

ოპოზიცია საფრთხეს ხედავს „ქართული ოცნების“ ინიციატივაში არჩევნების ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით. „თავისუფალი დემოკრატების” წევრის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ეს მმართველ პარტიას შესაძლებლობას მისცემს, პარლამენტში საკუთარი სატელიტები შეიყვანოს.

„ერთი მხრივ, ეს იყო პოლიტიკური სპექტრის დაქუცმაცება, შედარებით მცირე პარტიების გაყვანა პოლიტიკური ასპარეზიდან, რაღაცა საკუთარი სატელიტების შემოყვანა. მეორე ზომა, ბლოკების აკრძალვა, ეს ორი კომბინაციაში კიდევ უფრო მათთვის ძლიერ ეფექტს წარმოადგენს. ცხადია, ამას უნდა დავუპირისპირდეთ პოლიტიკური მეთოდებით. რასაკვირველია, უნდა ვითხოვოთ, რომ ჩაერთოს ვენეციის კომისია ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო აქტორები“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტმა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშივერ აპატიეს მწერლებს პროტესტი იმისათვის, რომ ზვიად რატიანი პოლიციამ დაასახიჩრა – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ
შემდეგი სტატია“ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს. რუსეთი საქართველოზე ზეწოლას სერიოზულად აძლიერებს” – კარლ ბილდტი