,,ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ორიანი დაუწერა და პირდაპირ უთხრა, რომ სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას ცდილობს”

ფაქტობრივად, ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ორიანი დაუწერა და პირდაპირ უთხრა, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება გააკონტროლოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციაა ის, რომ დღევანდელმა პარლამენტმა ყველა ვაკანსიაზე ყველა მოსამართლე არ უნდა დანიშნოს, რაც დღეს უზენაეს სასამართლოში არსებობს.

„ეს არის განაცხადი ვენეციის კომისიის, რომ მათთვის ნათელია დღევანდელი პარლამენტის პირობებში, რომ უმრავლესობა დამოუკიდებელ მოსამართლეებს უზენაეს სასამართლოში არ დანიშნავს. ამით ყველაფერი ნათქვამია და ვენეციის კომისიის მხრიდან შეფასებულია ხელისუფლების პოლიტიკა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია. ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი რიგი საკითხებია, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდასა და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას ეხება. ეს საკითხები საფუძვლიან მსჯელობას მოითხოვს. კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება დამაზიანებელია ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს ინტერესებისთვის”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება

banner
წინა სტატიაშიგორში სპეცოპერაცია ჩატარდა
შემდეგი სტატიაგორში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს