ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც, ვფიქრობთ, ხელისუფლება იძულებული იქნება მერაბიშვილი გაათავისუფლოს

ჩვენ ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც, ვფიქრობთ, ხელისუფლება იძულებული იქნება ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს პატიმრობიდან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა ე.წ მატროსოვის ციხე, სადაც მერაბიშვილი მოინახულა.

“მისთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ ეს ვადა დგებოდა ნოემბერში, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. მისი დაკავება გამომდინარეობდა სუფთა პოლიტიკური მიზნებიდან, შესაბამისად მის გათავისუფლებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პოლიტიკურ დატვირთვას. ჩვენ ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც ვფიქრობთ, ხელისუფლება იძულებული იქნება მერაბიშვილი გაათავისუფლოს პატიმრობიდან. ეს იქნება უდო, თუ ვადაზე ადრე გათავისუფლება კომისიის მიერ, თუ სხვა ფორმით, ამაზე ახლა გამიჭირდება პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურა არ ითვალისწინებს, რომ მიმართოს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას. ეს არის მათი ვალდებულება და შესაბამისად, კანონის უხეში დარღვევა იქნება, თუ ამას არ გააკეთებენ. ნოემბრის თვეში ეს ვადა მოსულია, ეს იქნება ნოემბრის ბოლოს თუ დეკემბრის დასაწყისში, ჩემთვის ძნელია ახლა ამის თქმა”,-განაცხადა ჩივიაშვილმა.

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.

banner
წინა სტატიაში2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 მილიონი ლარით იზრდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს