ვაშაძის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის არანაირ ეგზისტენციალურ საფრთხეებს და რისკებს არ შეიცავს

რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც პრეზიდენტს გააჩნია არსებული კანონმდებლობით? შევეცდები განვიხილო კონკრეტული რისკები და არა ისეთი ტიპის ემოციურ-მორალიზატორული შეფასებები, როგორიცაა “როგორ შეიძლება სადისტებს და მანიაკებს მხარი დაუჭირო”, “რა გაუძლებს ნაცების გამარჯვების ყიჟინას” და ა.შ. ცხადია, ვისაც ნაცები არ უყვარს, მისთვის ვაშაძის გამარჯვება არაა სასიამოვნო და კარგი ამბავი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური სიმპატიები ერთია და კონკრეტული საფრთხეები, რომელიც ობიექტურად შეიძლება ემუქრებოდეს სახელმწიფოს და საზოგადოებას მეორე, ამჯერად ჩვენ ვილაპარაკებთ სწორედ ამ მეორეზე, ანუ იმ კონკრეტულ რისკებზე, რაც არგუმენტად მოჰყავთ ხოლმე ვაშაძის საწინააღმდეგოდ და შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. იმასაც შეგახსენებთ, რომ სხვა არჩევანი ამ მეორე ტურში არ არის და არც იქნება. ერთ-ერთი მათგანი ყველა ვარიანტში გახდება საქართველოს პრეზიდენტი.

მაშ ასე. ეს რისკებია:

1. მოვლენ ნაცები ხელისუფლებაში და გაგვიკეთებენ ცოცხებს.
2. გამარჯვებული ვაშაძე შეიწყალებს მიშას, ვანოს, ბაჩოს და სხვა მეგისქარდავებს.
3. მიშა ჩამოვა და მოაწყობს დესტაბილიზაციას.
4. სამოქალაქო ომი დაიწყება.
5. კაგებეშნიკია და რუსეთის ინტერესებს გაატარებს.

პრინციპში სულ ეს არის. ეს ხუთი მიზეზი თუ რატომ არ უნდა ავირჩიოთ ვაშაძე ტრიალებს სხვადასხვა ვარიაციით. ციფრი 5 სპეციალურად არ გამომიყვანია, თავისით გამოვიდა ასე. 🙂

ახლა პასუხები:

1. ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება და არანაირი მექანიზმი იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძის გამარჯვების შემდეგ ხელისუფლება შეიცვალოს, არ არსებობს. ერთადერთი ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი საქართველო აღსდგება, მოეწყობა მასობრივი გამოსვლები ნაცების დაბრუნების მოთხოვნით და რევოლუციის გზით დაამხობენ არსებულ ხელისუფლებას, რაც არანაირად არაა მოსალოდნელი. თუ ვინმეს იმის შიშები აქვს, რომ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ ნაცების შანსები საპარლამენტო არჩევნებში გაიზრდება, ისინი მოიგებენ არჩევნებს 2020-ში და მოვლენ ხელისუფლებაში. ეს შიშები მათი პრობლემაა, რადგან მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ არჩევნებში თუ პარტია ვერ იმარჯვებს, ის ვერც ხელისუფლებაში მოდის და ვერც რევოლუციას ვერ აწყობს, ხოლო თუ პატიოსნად იმარჯვებს, მაშინ ის ხელისუფლებაში ყველა ვარიანტში მოვა და უნდა მოვიდეს კიდეც. ეგრე იცის დემოკრატიამ. დრო ბიძინა ივანიშვილს და ქოცებს საკმარისზე მეტი აქვთ: კეთილი ინებონ, საპარლამენტო არჩევნებამდე. მიდგნენ, მოდგნენ, სისულელეებს შეეშვან,მიიმხრნონ ხალხი და მოიგონ არჩევნები, ნაცების გინების გარდა თუ რამის გამკეთებლები არიან .

2. სააკაშვილი გასამართლებულია შეწყალების უფლების გამოყენებაზე, რაც თავისთავად იყო იდიოტობა. ამ განაჩენზე შეწყალების პრობლემას მე ვერანაირად ვერ ვხედავ. ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახლაიას კი ერთი წელი აქვთ დარჩენილი, თან მერაბიშვილი, რამდენადაც ვიცი, ავადაა და რა ასეთი საშინელი პრობლემაა მათი შეწყალება? მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იჯდნენ, იმისდა მიუხედავად რა აქვთ მისჯილი? რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, დათა ახალაიას, მეგის ქარდავას და კიდევ ბევრ სხვას, მათ მიმართ საქმეებია აღძრული, მათ ემუქრებათ წინასწარი პატიმრობა, რასაც პრეზიდენტის შეწყალება არ ეხება. ახლა თქვენ თავად განსაჯეთ, არის თუ არა ეს ხალხი აქ ჩამომსვლელი.

3. მიშას ჩამოსვლა ასევე გამორიცხულია, რადგან ის, გარდა იმისა, რომ გასამართლებულია შეწყალების უფლების გამოყენებაზე, ასევე ბრალდებულია სხვა საქმეებში, რის გამოც დაბარებულია პროკურატურაში და რომც შეიწყალოს პრეზიდენტმა, მას მაინც დააპატიმრებენ. ჰოდა, როგორ გგონიათ, წინასწარი პატიმრობა რომ ემუქრება ადამიანს, ის თავისი ფეხით ჩამოვა და ჩაჯდება? (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წინასწარ პატიმრობაზე პრეზიდენტის შეწყალება არ ვრცელდება). ცალკე საკითხია ის, თუ რატომაა ასეთი პანიკა მიშას ჩამოსვლაზე, მაგრამ ამჯერად ამას არ შევეხები.

4. სამოქალაქო ომს რომ დაიწყებს გამარჯვებული პრეზიდენტი, ეს ისეთი სისულელეა, სერიოზულ განხილვას არც იმსახურებს. თუ აქ იგულისხმება ის ამბავი, რომ ხელისუფლება ჩაიდენს იმდენად დიდ კრეტინობებს მისთვის არასასურველი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, რომ ამას სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვება, ეს ვაშაძის სასარგებლო არგუმენტი უფროა, რადგან ამისთანა თუა ხელისუფლება, როგორ შეიძლება ის საერთოდ იყოს ხელისუფლებაში?

5. ეს არგუმენტიც უკიდურესად არასერიოზული მგონია. რომც დავუშვათ ასეთი ვარიანტი, მაშინ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როგორ უნდა გაატაროს მან რუსეთის ინტერესები? მოითხოვოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება; თქვას, რომ ომი საქართველომ დაიწყო 2008-შ; უარყოს ნატო სამგზის მამლის ყივილამდე თუ რა? მე მგონი პრობლემა ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები უფრო სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ბიძინა ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით, ხოლო ვაშაძის შემთხვევაში რომ არაფერი მსგავსი არ მოხდება, ეს ქოცი ვინცაა და ქოცზე უფრო ქოცი, იმასაც მშვენივრად მოეხსენება.

მოკლედ შეჯამების სახით რომ ვთქვა, ვაშაძის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის არანაირ ეგზისტენციალურ საფრთხეებს და რისკებს არ შეიცავს გარდა იმისა, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო გამოქლიავდება და რაღაც სისულელეს ჩაიდენს. თუმცა, ეს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხელისუფლების სასარგებლო არგუმენტი ნამდვილად არ არის.

P. S. რა რჩება? მხოლოდ და მხოლოდ ის “რკინის” არგუმენტი, რომ “მანიაკებს და სადისტებს ხმა როგორ უნდა მისცე?” კაცმა რომ თქვას ეს საერთოდ არანაირი არგუმენტი არაა, მაგრამ თავად ასეთი დამოკიდებულება, რომელიც ძალიან შორს ცდება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გონივრულ ფარგლებს, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და მას უახლოეს ხანში ცალკე ოპუსს მივუძღვნი

(გაგრძელება იქნება)

დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიპეკინის ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
შემდეგი სტატიააშშ-ს კოალიციამ სირიის პროვინცია დაბომბა