ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრემიები დარიგდა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ინტერვიუსას განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრემიები დარიგდა.

ირაკლი კორძაიას თქმით, რამდენიმე მილიონი ლარის პრემიები გაიცა და ეს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, დიმიტრი დარბაისელისთვის, ჯილდო.

„პრემიები ქრონოლოგიურად მოჰყვა ამ გაყვანას. ეს იყო უზარმაზარი პრემიები, 45 ათასის ლარითაც გაიცა პრემიები, ჯამურად ორჯერ გაიცა ასეთი პრემიები, ჯამურად რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ეს იყო ჯილდო დიმიტრი დარბაისელისთვის იმის სანაცვლოდ, რომ მან ეს მოქმედება ჩაატარა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანა. საუბარი იყო ჩვეულებრივ „ატკატებზე“. რომელიმე თანამშრომელზე გამოიწერა პრემია 37 ათასი ლარის ოდენობით, იქიდან მხოლოდ 2000 რჩებოდა ადამიანს და 35 ათასი დარბაისელთან მიდიოდა. სამინისტროში ამის შესახებ ყველა ლაპარაკობდა“, – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

„შეიძლება ითქვას, რომ ვუწევდი გარკვეულ ანგარიშს ამ ურთიერთობებს,“ – ასე ახსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანმა, ირაკლი კორძაიამ, განსხვავებული აქცენტების ეთერში საკუთარი დუმილი.მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შემდეგ სოზარ სუბართან პირადი ურთიერთობების გამო დუმდა. ახლა კი შეცვლილი ვითარებების გამო გადაწყვიტა საუბრის დაწყება.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ რატომ დატოვა საქართველო. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მფარველობის ან „თვალის დახუჭვის“ გამო მოხდა ეს მკვლელობა.

„დღეს მე აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ საქმის უკან იდგა ხელისუფლება და ამ ჩემს მოსაზრებას ასაზრდოებს ის, რომ გავიდა უკვე 2 წელიწადზე მეტი და შეუძლებელია 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ საქმის არ გახსნა,“ – აცხადებს ირაკლი კორძაია.

მას ეჭვებს უღრმავებს ის, რომ პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება გააჭიანურა.

„რატომ არ მოითხოვა საქართველოს ინტერპოლმა და პროკურატურამ ხარძიანის გადაცემა ქართული მართლმსაჯულებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

„მათ გააჩნიათ ჰაერში ჩამოკიდებული საქმე და მათ გააჩნიათ ადამიანები, რომლებიც არიან ხელშეუხებლები ხელისუფლებაში,“ – აცხადებს ირაკლი კორძაია, რომელმაც დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი დღეს ხელისუფლებაში არ არის მისი გავლენები მაინც იგრძნობა.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი ნამდვილად იქნა გაყვანილი საპატიმროდან
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის კურში იყო