ვანდალიზმი წალენჯიხაში – რამდენიმე საათის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის“ გვერდით, მეორე საჯარო სკოლის წინ სამი 70-წლოვანი ხე მოჭრეს

ვანდალიზმი წალენჯიხაში – რამდენიმე საათის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის“ გვერდით, მეორე საჯარო სკოლის წინ სამი 70-წლოვანი ხე მოჭრეს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა „თაიმერს“ ექსკლუზიურად მოაწოდეს და ისიც გვაცნობეს, რომ ხეების მოჭრის ნებართვა შესაბამისი სამსახურებიდან გაცემული არ ყოფილა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ხეები იდგა, კერძო საკუთრებაა. შესაბამისად, შესაძლოა საზოგადოებაში გაჩნდეს კითხვა, თუ რა უცნაურობა დავინახეთ მომხდარში, რადგან თუ საქმე კერძო საკუთრებას ეხება, ცხადია, გადაწყვეტილებაც თავად მეპატრონემ უნდა მიიღოს.
ამ მსჯელობაში ლოგიკა, ერთი შეხედვით, არის, თუმცა სინამდვილეში, საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი ხის მოსაჭრელად, კერძო საკუთრებაზე დგას ის, თუ სახელმწიფოსი, შესაბამისი სამსახურების ნებართვაა საჭირო, ვინაიდან საქმე ბუნებას ეხება.
აქედან გამოდინარე, კონკრეტული შეკითხვა გვაქვს წალენჯიხის მერთან, ბატონ გია ხარჩილავასთან, ასევე, მის მოადგილეებთან – ივანე ბურდულთან და თამარ ბელქანიასთან. ასევე, ზედამხედველობის სამსახურთან: არსებობდა, თუ არა ხეების მოჭრის ნებართვა, ანუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მერიას ვინმემ მიმართა, თუ არა?!
ამასთან, სამი ხის მოჭრა ჩუმად, უხმაუროდ არ მომხდარა. შესაბამისად, საინტერესოა, მერიის სამსახურებიდან ფაქტის შესახებ ვერავინ შეიტყო და თუ შეიტყო, ამ უკანონობას ხელი რატომ არ შეუშალა?!
მოკლედ, კითხვები ბევრია, ახლა პასუხებს და ცხადია, პირველ რიგში, მომხდარზე რეაგირებას წალენჯიხის მერიისგან დაველოდებით.
მანამდე კი გავარკვევთ, საღამოს საათებში (არასამუშაო დროს), რატომ მოიჭრა 70 წლოვანი ხეები, თან შესაბამისი სამსახურიდან იყო, თუ არა გაცემული ნებართვა და თუ იყო, მაშინ ასევე საინტერესოა, რატომ იქნა დადებითად გადაწყვეტილი ეს საკითხი?!

 

banner
წინა სტატიაშიგუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი იყო შემოსული, დღეს არ იციან, რომ სანქცირებული რუსები შემოდიან – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაივანე ბურდული: “მერიაში ოფიციალურ ნებართვასთან დაკავშირებით წერილი არ შემოსულა”