ვაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები, ბედუკაძეები და გახარიები არ დამარცხდებიან

ვაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები, ბედუკაძეები და გახარიები არ დამარცხდებიან, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას.

ნიკა მელიას თქმით, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არაფრად ჩააგდო 30-მდე დეპუტატის და 2000-მდე ადამიანის ნება და პასუხისმგებლობა და დავით კირკიტაძე მაინც პატიმრობაში დატოვა.

„პრაქტიკულად მოსამართლემ გვითხრა, რა გინდათ, რატომ არ ისვენებთო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე თავის დროზე დათხოვნილი იყო სასამართლო სისტემიდან.

„მოდით, ვთქვათ ვინ არის ეს ქალბატონი, რომელმაც წლების წინ მკვლელობაზე გაასამართლა ადამიანი, გაუშვა ციხეში და მერე 6 თვის შემდეგ მოკლული აღმოჩნდა ცოცხალი. ამის შემდეგ კი ის დათხოვნილი იქნა სასამართლო სისტემიდან. მერე „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა. მანვე გამოსცა განჩინება დათო კირკიტაძის დაპატიმრების შესახებ და 15 თებერვალს მურუსიძე-ჩინჩალაძემ ეს ქალბატონი დანიშნა და გაამწესა უვადოდ. ეს ქალბატონი მინიმუმ 20 წელი მოსამართლე იქნება. აი, რისთვის სჭირდება მურუსიძე-ჩინჩალაძეს მოსამართლეების უვადოდ განწესება. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, კირკიტაძეს გაუცვლის ადგილს გიორგი გახარია“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება – „თემა ამოწურულია, ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის პირობებში მუშაობას“
შემდეგი სტატიასუს-ის მიერ ქობულეთში ორი პირის დაკავებას ახლობლები გაუგებრობად მიიჩნევენ