უსუფაშვილი – უნდა შეწყდეს ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროპაზეა

„ლელო“ არ სვამს კითხვას, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობას, ისევე, როგორც არ სვამს კითხვას იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სუფთა ჰაერს? იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ევროპული ინტეგრაცია, საბოლოო ჯამში ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა ისეთივე ჰაერივით სასიცოცხლო აუცილებლობაა, როგორც ჰაერი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ სხვა კითხვას ვსვამთ – გავაკეთეთ ან ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ამ მიზანს? – ამის შესახებ „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ევროპა საქართველოსგან ელის საგანგებო ზომების მიღებას და გონს მოსვლას.

„უმრავლესობას შევთავაზეთ და ახლაც გთავაზობთ ერთიანი გზავნილი გავაგზავნოთ ევროპაში – ეს არის შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნება. რატომ? ავიკვიატეთ შარლ მიშელი? – არა! იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე მოკლე და ეფექტური გამოსავალი. რატომ? – იმიტომ, რომ ევროკავშირი და ევროპა ბოლო თვეებში გადასულია მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების საგანგებო რეჟიმზე. ბევრი რამ, რაც 6 თვის წინ შეუძლებელი იყო დღეს შესაძლებელია. თავად ევროპამ აღიარა თავისი წილი შეცდომები 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის პერიოდში დაკავებული პოზიციების გამო, ყირიმის რუსეთის ანექსიის დროს ევროპის მიერ დაკავებული პოზიციების გამო. მათ თვითონ განაცხადეს მზაობა განიხილონ ჩვენი განაცხადი კანდიდატის სტატუსის მოპოვების თაობაზე. რას ელის ევროპა ასეთ ვითარებაში საქართველოსგან? – ელის ჩვენი მხრიდან ასევე საგანგებო ზომების მიღებას და გონს მოსვლას. საით მივდიოდით და მიდის თუ არა ეს გზა ევროპისკენ. ევროპა ელის ჩვენი საკუთარი შეცდომების გათვალისწინებას ეს ამ 9 წელიწადში იყო, იმ ცხრა წელიწადში თუ იმის იქით 18 წელიწადში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, უნდა შეწყდეს ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროპაზეა.

„არ არის ეს ასე! სწორი პოზიციაა არა იქით დამუნათება, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ ვიმსახურებთ, არამედ მათთან დიალოგი, იმის აღიარება, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები. მივიღებთ სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, ეს საკითხები ჩვენ მაინც მოსაგვარებელი გვაქვს. ჩვენ ყველა შემთხვევაში დასალაგებელი გვაქვს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი არა რეფორმები, არამედ ფუნდამენტური რესტარტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა