UNESCO – რესტავრაციის შეუფერებელი მეთოდების პრაქტიკამ გელათს პრობლემები შეუქმნა

გელათს რესტავრაციის შეუფერებელი მეთოდების პრაქტიკამ პრობლემები შეუქმნა, – ნათქვამია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებაში.

იუნესკო-ს მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მონაწილე სახელმწიფომ მრავალი მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა კომიტეტის წინა გადაწყვეტილებების განსახორციელებლად. თუმცა, გატარებული დაცვის ღონისძიებები სამწუხაროდ, ყველა წარმატებული არ აღმოჩნდა. ახლახანს დამონტაჟებული კრამიტით გადახურული სახურავების წარუმატებლობამ ღვთისმშობლის ეკლესიაში და მუდმივი ტენიანობის პრობლემებმა წმინდა გიორგის ეკლესიაში, კედლის მოხატულობისა და მოზაიკის დაზიანება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ობიექტის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებაზე.

იუნესკო-ს გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიის შენარჩუნების გამოსავლად ხელახალი გადახურვა მიაჩნია. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის გადახურვასთან დაკავშირებით წარდგენილი წინადადებები განიხილა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ, რომელმაც რეკომენდაცია გასცა, რომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გადაიხუროს გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიაც ისე, რომ ნაგებობა დაცული იყოს წვიმისა და თოვლისგან.

​მიღებულ დოკუმენტში, ქართული მხარისათვის გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფრო ეფექტური გადახურვა ორივე – ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიაზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს დაცვის ღონისძიებების გატარება, რათა მოხდეს საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება და ნესტის შეღწევის რისკებისგან დაცვა; უნდა შემუშავდეს კონსერვაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს დაცვითი სამუშაოების მონიტორინგს, კვლევას და განხორციელებას კედლების მხატვრობის, მოზაიკისა და ქვასთან მიმართებაში. ყველა საკითხი უნდა შეთანხმდეს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მეტი საერთაშორისო რესურსი იქნეს მობილიზებული გელათის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, გელათზე არსებული მდგომარეობის მორიგი ანგარიში სახელმწიფომ 2022 წლის 1 თებერვლისთვის უნდა წარედგინოს. საკითხის განხილვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მორიგ 45 -ე სესიაზე მოხდება.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რა თქმა უნდა, განვითარება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – გვერდში დავუდგებით ყველა მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას