“უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ტოტალურ და არაპროგნოზირებად შედეგებს”

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. ამის შესახებ პრემიერმა კლიმატური ცვლილებების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ტოტალურ და არაპროგნოზირებად შედეგებს, რითაც საფრთხე დაემუქრება მილიონობით ადამიანის ცხოვრებას. სწორედ დღეს არის მოქმედების დრო. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. საქართველოს რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები – წყალდიდობა, მეწყერი და ღვარცოფი.

გავიხსენებ ივნისში ჩვენს დედაქალაქში მომხდარ წყალმოვარდნას, რომელმაც 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ზოოპარკი. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევამ გამოიწვია ქარიშხლებისა და სანაპიროს ეროზიის ინტენსიფიკაცია, რამაც შედეგად მოიტანა სანაპიროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება. უარყოფითი გავლენა, რომელიც კლიმატურმა ცვლილებებმა შეიძლება მოახდინოს ჩვენს ეკოსისტემასა და ეკონომიკაზე, განამტკიცებს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას დაბალი ემისიის მქონე, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით და აძლიერებს ჩვენს მოტივაციას, გავაათმაგოთ ადაპტაციისკენ მიმართული ძალისხმევა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით,თუ გავითვალისწინებთ დიდი ოდენობით განახლებადი ენერგიის გამოყენებასა და მის ექსპორტს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს კლიმატური ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედების გააქტიურებას.

“ფაქტობრივად, საქართველო უკვე ეტაპობრივად დგამს ნაბიჯებს კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიაში, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვამზადებთ, განსაზღვრული იქნება გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ამომწურავი გზამკვლევი, რაც დაგვეხმარება შევასრულოთ ჩვენ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. პარალელურად საქართველო მუშაობს ემისიის შემცირების ეროვნულ გეგმაზე. საერთაშორისო მხარდაჭერით უკვე შევიმუშავეთ ამ მექანიზმის კონცეფციები საქალაქო ტრანსპორტთან, საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტიანობასთან და სოფლად ხეტყეზე მომუშავე ენერგოეფექტიან ღუმელებსა და მზის კოლექტორებთან დაკავშირებით. გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართულიეს ზომები შესულია მწვანე კლიმატის ფონდის მზადყოფნის პროგრამაში, რომელიც ამჟამად მზადდება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ადაპტაციის ზომებისა და პარალელური მოქმედების შემუშავებასთან ერთად. ცხადია, რომ მწვანე კლიმატის ფონდის დაფინანსება დიდ გავლენას იქონიებს განვითარებადი ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის სამიზნეების მიღწევაზე. კლიმატური ცვლილებების პრობლემა მოიცავს ბევრ ასპექტს. ამიტომ, საქართველო ახდენს კლიმატური ცვლილებების საკითხების ინტეგრირებას სხვა ეროვნულ საკანონმდებლო დოკუმენტებში“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ამ მძიმე გამოწვევების ფონზე ხანგრძლივი პერსპექტივების ხედვა არ უნდა დავკარგოთ
შემდეგი სტატიაპატრიარქმა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა ტერორიზმის საფრთხის თავიდან აცილების საკითხებზე იმსჯელეს