უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ქმედება გარკვეულწილად გვახსენებს იმ აგრესიას, რომელიც 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელდა – ევროპარლამენტარი

ვფიქრობ, უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული და მიუღებელი ქმედება გარკვეულწილად განგრძობად ხასიათს ატარებს და გვახსენებს იმ აგრესიას, რომელიც 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელდა და შემდგომ მოლდოვას მიმართ ოკუპაციას, – ამის შესახებ იტალიელმა ევროდეპუტატმა ფაბიო მასიმო კასტალდომ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოცდილება აჩვენებს, რომ ე.წ. გაყინული კონფლიქტები შემდეგ იქცევა ცხელ კონფლიქტად და ღია საკითხად.

„ლოგიკურია, რომ სუვერენული სახელმწიფოების ანექსია და ოკუპაცია ის თემაა, რომელზეც ღირს ნერვიულობა და არა მარტო იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ჩვენს კონტინენტზე ასეთი ტიპის მცდელობებს უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული ტიპის სოლიდარობა თითოეული ქვეყნის მიმართ, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან და სადაც იგივე გზის განმეორების რისკი არსებობს“, – აღნიშნა ფაბიო მასიმო კასტალდომ.

ევროდეპუტატის შეფასებით, ამასთანავე, ყველა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის შეთანხმებით გაწერილი გაფართოების კრიტერიუმები.

„ტექნიკურად მოლაპარაკების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ის მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ აუცილებელია მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება ევროკავშირის მხრიდან გაფართოებასთან დაკავშირებით უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. ამ მომენტში აუცილებელია გარკვეული მინიშნება, მხარდაჭერის გამოხატვა და მე პირადად, ვიზიარებ პოზიციას, რომ საჭიროა გარკვეული გარანტიები ოფიციალური კანდიდატების მიმართ“, – აღნიშნა იტალიელმა ევროდეპუტატმა ფაბიო მასიმო კასტალდომ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ქალაქებში უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული პუნქტები იხსნება
შემდეგი სტატიაუკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 175 მილიონ ფუნტს გამოვყობთ – ჯონსონი