უკრაინის საგარეო უწყება უარყოფს, ბელორუსის რეჟიმის განცხადებას, თითქოს, მათ ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავს

ბელორუსის რეჟიმის კიდევ ერთ ინსინუაციას, რომ უკრაინა, თითქოს, ბელორუსის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავს, ოფიციალური კიევი უარყოფს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„8 ოქტომბერს საღამოს მინსკში უკრაინის ელჩი იგორ კიზიმი ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს, სადაც მას დიპლომატიური ნოტა გადასცეს. ნოტაში ბელორუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინა თითქოს თავდასხმას გეგმავს ბელორუსის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ნიკოლენკოს თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მან ოფიციალური კიევის სახელით, კატეგორიულად უარყო ბელორუსის რეჟიმის მორიგი ინსინუაცია.

„არ გამოვრიცხავთ, რომ დიპლომატიური ნოტის გადაცემა რუსეთის ფედერაციის გეგმის ნაწილი იყოს პროვოკაციის მოწყობასა და შემდეგ უკრაინის დადანაშაულებაზე”, – წერს ნიკოლენკო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელორუს ხალხს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს.

“უკრაინას არასოდეს შეჭრილა უცხო ტერიტორიებზე. ჩვენ მკაცრად ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და გაეროს ქარტიას”, – დასძინა ნიკოლენკომ.

მისივე თქმით, ბელორუსის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრემლის სურვილების შესრულება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემა მოსკოვისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაპირის თანხმობის გარეშე აბორტი პატიმრობით დაისჯება