,,უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და მავთულხლართები დაამაგრეს – ეს აჩვენებს იმას, რომ მათ ჩემი ეშინიათ”

უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და მავთულხლართები დაამაგრეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს განუცხადა.

სააკაშვილის თქმით, ახლა მისი მთავარი მიზანი მხოლოდ უკრაინაში დაბრუნება და მისი პოლიტიკური ძალის სათავეში ჩადგომაა.

”უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არ შევიდე. საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, მავთულხლართები დაამაგრეს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა მსგავსი რამ და ეს აჩვენებს ერთ რამეს – მათ ჩემი ეშინიათ. ჩემი არშეშვება გაუჭირდებათ და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი მთავარი მიზანია შესვლა, დაბრუნება, მოძრაობის სათავეში ჩადგომა და საქმის ბოლომდე მიყვანა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი დანიაში იმყოფება და აცხადებს, რომ იქ ”ევროპის სახალხო პარტიის” ხელმძღვანელობასთან მართავს შეხვედრებს.

”EPP-ის ხელმძღვანელობასთან მაქვს საუბარი ამ დღეების განმავლობაში. პირველ რიგში განხილვის თემაა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა. უკრაინაში მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პარტიის ხელმძღვანელი და ცდილობენ ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში სიტუაცია ვითარდება ასევე ძალიან სწრაფად. ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან. ახლა ოლიგარქები ყველგან არიან მორყეული და ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის და არც ჩვენთვის – იმ ხალხისთვის, ვინც მე მხარს მიჭერს”, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელი წითელასა და წითურას ინფექციასთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს
შემდეგი სტატიაბირთვული გამოცდის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა ახალი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას აპირებს