უკრაინის იუსტიციის მინისტრი – ამ მომენტისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცედურის გასაგრძელებლად დაბრკოლებები არ არის

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პავლო პეტრენკოს განცხადებით, ამ მომენტისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცედურის გასაგრძელებლად დაბრკოლებები არ არის.
ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა უკრაინულ ტელეარხ 112-ს განუცხადა.

„ამ მომენტისთვის არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არის ექსტრადირების პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ქართული მხარისგან მიღებული გვაქვს საექსტრადიციო მოთხოვნა. ჩვენ, ჩვენი მხრივ ვიმოქმედებთ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ველოდებით პროკურატურისგან საექსტრადიციო შემოწმების დასრულებას, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ აღნიშნულ საკითხზე“, – განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევიდან თბილისში ექსტრადირების შემთხვევაში დაკავებული იქნება.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას, ის საქართველოში დაკავებული იქნება. მას სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს საქართველოში. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს თუ სად იქნება სააკაშვილი, საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში სასამართლო პროცესი შედგა, არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში დაკავებას“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე – გამოძიებას უკვე ეჭვი აღარაფერში ეპარება