უკრაინელი ადვოკატი – შეშფოთებული ვარ, რომ სააკაშვილი 2018 წელს გაასამართლეს 2006-2007 წლების მოვლენებზე, 2021 წელს კი სასჯელს იხდის

ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ადამიანი 2018 წელს გაასამართლეს 2006-2007 წლის მოვლენებზე, 2021 წელს კი ის სასჯელს იხდის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ ეს არის სწორი იურისპრუდენცია.

„როგორც ხედავთ, პრაქტიკულად მთელი დღე დასჭირდა იმას, რომ მიხეილთან მოვხვედრილიყავი. ჩვენ გამოგვიყვეს ურთიერთობისთვის ნახევარი საათი. განვიხილეთ საკითხები, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა რამდენიმე განცხადება, რომელიც ჩვენ გვჭირდება მისი დაცვისთვის, მათ შორის სხვა პროცესებთან დაკავშირებით. ახლა გავმართავთ შეხვედრებს ადვოკატებთან, ექიმებთან, რათა გამოვიმუშაოთ დაცვის ერთიანი სტრატეგია. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ადამიანი 2018 წელს გაასამართლეს 2006-2007 წლის მოვლენებზე, 2021 წელს კი ის სასჯელს იხდის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის სწორი იურისპრუდენცია და სამართლიანი სასამართლო, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა კონვენციით. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ.

პრობლემა კომპლექსურია. ეს არ არის ერთი საქმის პრობლემა. როგორც ვიცით, საქმე ბევრია, არის საქმეები, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია და არის საქმეები, რომლებიც ახლა სასამართლოში განიხილება, ასევე არის ისეთები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ უნდა შევადაროთ, იყო თუ არა ობიექტურად რამე დანაშაულები, თუ ეს შეიძლება იყოს ზეწოლის ელემენტი, რადგან, ჩვენ ვიცით, რომ ყველა სახელმწიფოში არის ასეთი პოლიტიკური საქმეები, როდესაც ისინი იურიდიულ ფორმას იღებს, თუმცა სინამდვილეში, ასეთი შეიძლება არ იყოს. ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს არის შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მივცეთ არა უბრალოდ ცალკე აღებულ საქმეს, არამედ მთელი ამ სისხლის სამართლის საქმეების, განაჩენების, წარმოებაში არსებული საქმეების კომპლექსს და შემდგომ განვსაზღვროთ, როგორ შეგვიძლია დახმარება.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ახლა უნდა იყოს ციხეში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ციხე არის სახელმწიფოს მხრიდან რომელიმე მოქალაქის დასჯის ელემენტი იმისთვის, რომ ის ხელახლა აღზარდოს. ჩვენ გვიჩნდება კითხვა, საჭიროებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხელახლა აღზრდას, რათა არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული? აშკარაა, რომ არა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე და ჩვენ, როგორც ადვოკატები უკრაინიდან, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინის სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქეები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ყველა სხვა სიტუაციაშიც, რომლებსაც აქვთ სულ მცირე რაიმე პოლიტიკური კონტექსტი“, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის გზაზე მოხდა
შემდეგი სტატიასალხინოს გიმნაზიის სკოლის დირექტორი ხევში ჩავარდა