უკრაინაში დაღუპული სამხედროების ოჯახებმა ისარგებლონ სოციალური პაკეტით, იქ მებრძოლებს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი – ენმ-ის ინიციატივა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებმა იგივე სოციალური დაცვის პაკეტით უნდა ისარგებლონ, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები სარგებლობენ.

გარდა ამისა, პარტია ითხოვს, რომ უკრაინაში ომის წინა ხაზზე მებრძოლ ქართველებს ჰქონდეთ იგივე ომის ვეტერანის სტატუსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს, ასევე, სამშვიდობო მისიებში მონაწილეებს აქვთ.

“9 ქართველი გმირი შეეწირა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა და თუ ვინმესთან დღეს ვალშია ქართული სახელმწიფო, არის სწორედ ამ თავდადებულ ადამიანებთან. ამიტომ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს წარვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას კანონში ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობებით გარდაცვლილი ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ. ამ ცვლილების მიხედვით, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები – ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით და სხვა სოციალური შეღავათები”, – თქვა ანა წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიხავიერ კოლომინა – მადრიდის სამიტზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები მხარდაჭერაზე, რომელიც მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან
შემდეგი სტატიასასწორზე ახლა უფრო მეტი დევს, ვიდრე უკრაინა – გენერალი მარკ მილი