უგულავა – ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია ხალხის მასშტაბური პროტესტი

ჩვენ გვინდა, არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია ხალხის მასშტაბური პროტესტი.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს უარი უთხრა, ქვეყანას სხვა გზა არ რჩება.

„ხშირად გაიგებთ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სასოწარკვეთილ ამოძახილს, რომ ეს კაცი ასე არ წავა. ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები ჩავარდა და სამწუხაროდ, განცდა, რომ ივანიშვილი ასე ჩვეულებრივად არ წავა, კიდევ უფრო გამძაფრდა მოქალაქეებში. ჩვენ უნდა გავმოძრავდეთ, მთელი საქართველოს შეგნებული მოქალაქეები უნდა დავირაზმოთ ერთი იდეის ქვეშ, რაც ნიშნავს მოძრაობას საქართველოსთვის, ეს მოძრაობა არის თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის გარეთ და აღარ ეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ჩავარდნილი მოლაპარაკებები არ არის ერთჯერადი რამ. ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს. ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ რჩება და რომც არ უნდოდეთ ვიღაცებს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების მანძილზე გამოვდივართ.

ეს ადამიანი აუცილებლად წავა მშვიდობიანი არჩევნებით და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით, უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ, რა ხდება რუსთაველზე, რატომ დგას კარვები“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – გაიმართება არაერთი აქცია, ოპოზიცია პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადის
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს