უჩა ძოძუაშვილი მზადაა „დელტაში“ უფლებამოსილებების შესრულება გააგრძელოს

უჩა ძოძუაშვილი გამოთქვამს მზადყოფნას, „დელტაში“ თავისი უფლებამოსილებების შესრულება გააგრძელოს, რათა დაწყებული პროექტები შეუფერხებლად გაგრძელდეს.

ამის შესახებ უჩა ძოძუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ძოძუაშვილმა თავი შეიკავა იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრისგან, რის გამოც თავდცავის მინისტრმა თანამდებობიდან მისი გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა და აღნიშნა, რომ „დელტაში“ დაწყებული პროქტების გაგრძელება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

“მინდა დავაფიქსირო, რომ თანხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა „დელტაში“ მოხდა 19 თებერვალს არასრულად. თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. დღეს მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დოკუმენტაცია გვაქვს, რათა დავამტკიცოთ ჩვენი, „დელტას“ უდანაშაულობა. დღეს ვსაუბრობ იმაზე, რომ „დელტაში“ მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, საქართველოს მთავრობა განახორციელებს დამოუკიდებელ გამოძიებას და დადგინდება ჭეშმარიტება.

დღეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ არაფერი არ გამოვლინდა, უჩა ძოძუაშვილი დაბრუნდება სამსახურში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “დელტას” თავდაცვის სამინისტრომ თანხა არ გადაურიცხა, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა გადარიცხვის ფურცელი.

“ჩვენ გამოვაქვეყნეთ თანხის გადარიცხვის ფურცელი. ეს საჯარო და ხელმისაწვდომია. 17 თებერვალს მათ ჩაერიცხათ მოთხოვნილი თანხა, მაგრამ ამის მეტს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე კი ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ რა აზრი ექნება მაშინ იმ მოკვლევას, რომელსაც ვატარებთ. მეც იმედი მაქვს, რომ ბოლომდე სრული ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მაქვს, არასრულყოფილია. დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება”,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში„გირჩის“ წარმომადგენელთა პროტესტი პარლამენტში (+ფოტო)
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა N14 დაწესებულების მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა