,,წავკისში ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ”

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც სისხლისმაგვარი კვალია, დათვალიერებულია ავტომანქანები, რომლითაც ბრალდებულები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, იქაც სისხლის მაგვარი ლაქებია ამოსული, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ წავკისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა სამივე პირისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა. არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ბრალდებულები გამოძიებას მიემალებოდნენ, რითიც ხელი შეეშლებოდა მართლმსაჯულების აღსრულებას.

სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათ შორის, ორი, გიორგი აბულაძე რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისათვის არის დაკავებული, ასევე ანრი ყურაშვილი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაზეა პასუხისგებაში მიცემული, მათ დატოვეს თბილისი და აჭარის მიმართულებით გაეშურნენ, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ისინი ცდილობდნენ საქართველოს საზღვრის დატოვებას“,- აცხადებს ბიბილაშვილი.

ის დეტალურად აღწერს თუ რა ვითარებასა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა.

„23 დეკემბერს, დაახლოებით, 20 საათსა და 50 წუთზე დაბა წავკისში მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც დანით მოკლული იქნენ ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, ამ სისხლიანი დაპირისპირების დროს კი, ორი პირი დაიჭრა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში არიან მიცემული, ნიკოლოზ აბულაძე და მისი შვილი გიორგი აბულაძე. გარდა ამისა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულია ანრი ყურაშვილი”, – აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, წავკისში, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა, მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებულ სამივე პირს, გიორგი აბულაძეს, ნიკოლოზ აბულაძეს და ანრი ყურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

banner
წინა სტატიაში,,იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატურებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო”
შემდეგი სტატია,,შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს”