წალენჯიხელი ზოზია ქარდავა ჩოგბურთის ოლიმპოს იპყრობს

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, წალენჯიხა, ისევე როგორც მთელი საქართველო, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთმა წალენჯიხელმა ასახელა. ამჯერად, საუბარია ჩოგბურთელ ზოზია ქარდავაზე. დიახ, ზოზია სპორტის ამომავალი ვარსკვლავია, ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს სახელს, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, მთელი პლანეტის მასშტაბით გაუთქვამს.

ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ზოზიას წარმატებას, თურქულ ანტალიაში 15.000-იან ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა 28 ოქტომბერს მეოთხედფინალში ასპარეზობის მე-4 ნომერი იანა კარპოვიჩი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან – 2:6, 7:5, 7:5, რასაც 2 საათი და 50 წუთი მოანდომა.

საგულისხმოა, რომ მეორე ხელს ქარდავა ჯერ 4:0-ს, შემდეგ 5:2-ს იგებდა, მაგრამ მეტოქეს წონასწორობის აღდგენის საშუალება მისცა, თუმცა ბოლო ორ გეიმში იყოჩაღა. მესამე სეტში უკვე კარპოვიჩი იყო წინ 5:2 და წარმატების მისაღწევად საკუთარი მოწოდების მოგებაღა რჩებოდა. ამ კრიტიკულ სიტუაციაში ქართველმა ჩოგბურთელმა შესაშური მონდომება გამოიჩინა, შეძლო ძალების მობილიზაცია და მეტოქეს ზედიზედ 5 გეიმი აართვა.

წყვილთა ნახევარფინალში ქარდავამ დენიზე ჰრდინკოვასთან (ჩეხეთი) ერთად რუსებს – კსენია აგურეევსა და დარია ზელინსკაიას მოუგო – 7:6, 2:6, 12:10. ზოზია და დენიზე ფინალში მესამე ნომრებს – ანა ურეკესა და ვალერია იუშჩენკოს (ორივე – რუსეთი). ზოზიას ხვალ ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.

ზოზიას „თაიმერი“ წარმატებას უსურვებს.

banner
წინა სტატიაშირუსებმა დონეცკის ოლქში ბახმუტის სასაფლაო დაბომბეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაინციდენტი დედაენის ბაღთან – მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა