ხვალ აქციაზე თუ არ წამოხვალ პრემიას ხელფასიდან ჩამოგაჭრითო – მარნეულის საბავშვო ბაღის პერსონალს „ოჯახის სიწმინდის დღეზე“ წასვლას აიძულებენ

მარნეულის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასაქმებულის მტკიცებით,

ბაგა-ბაღების გაერთიანება “ოჯახის სიწმინდის დღეზე” თბილისში წასვლას აიძულებს და ხელფასის ჩამოჭრით ემუქრება.

რადიო “მარნეულს” ინფორმაცია მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა მიაწოდა. აქტივისტის განმარტებით ბაღის თანამშრომელი მას პირადად დაუკავშირდა და ბაგა-ბაღების გაერთიანების მხრიდან მუქარის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ბაღის თანამშრომელის მიმოწერის გამოყენება ანონიმურობის დაცვის გარანტიით მივიღეთ. ბაღის თანამშრომელი იმდენადაა შეშინებული, რომ არ ისურვა მიმოწერის სქრინების გასაჯაროვებაც კი და გვთხოვა, რომ მიმოწერის შინაარსი ჩვენ გადმოგვეცა, რადგან მიმოწერის სტილით მისი ამოცნობა არ მომხდარიყო.

ბაღის თანამშრომელი განმარტავს, რომ ორი დღის წინ პრემია მიიღო და დღეს გამოუცხადეს, რომ „ოჯახის სიწმინდის დღის“ აქციაზე უნდა წასულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პრემიას ხელფასიდან დაუკავებდნენ.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს მარნეულიდანაც შეუერთდებიან. ვრცელდება ინფორმაცია სკოლის პედაგოგების მობილიზებაზე. რადიო „მარნეულს“ რამდენიმე პედაგოგმა სხვადასვა სოფლიდან დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მათ მსვლელობაში მონაწილეობა სთხოვეს.

თბილისში დაანონსებულ მსვლელობას შეუერთდება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია. როგორც მათ მიერ მრევლისადმი გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, მსვლელობა ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე გაიმართება.

17 მაისი საქართველოს მთავრობამ უქმე დღედ გამოაცხადა.

ჩამატება: დღეს მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ჩაწერას, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა.

ამავე თემაზე: ოჯახის სიწმიდის მსვლელობაში მონაწილეობა უქმე დღეს პედაგოგებსაც დაავალეს.

ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში გახორციელდა
შემდეგი სტატიაპასუხის პასუხი – როსტომ ცხვედიანი “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს პასუხობს