,,ტოტალური ქაოსია”-ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთში ახალი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემა/გაუქმებაზე საუბრობს

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასა და შემდეგ გაუქმებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება.

დეპუტატმა სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება გააკრიტიკა, როდესაც მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს სახელით გაცემული ნებართვა მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს ეკონომიკის სამინისტროს მსგავსი ქმედებებით კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგა.

„ტოტალური ქაოსია და ამ ფონზე მე არ მიკვირს ის ამბავი, რაც დღეს დილას დაგვატყდა თავს, ისევ ეკონომიკის სამინისტროში, როდესაც გუშინ ვიგებთ, რომ ფოთის პორტზე ნებართვა გაიცემა რომელიღაც ქვე სტრუქტურის მიერ და დღეს მინისტრი ამბობს, რომ არა, მე ნებართვა გავაუქმე. არსი არ იცვლება, ანაკლიის პორტს მიადგა გუშინ ზიანი, მანამდე რა ზიანი მიადგა თიბისი ბანკით, გასაგებია. გუშინ მიადგა ზიანი, მაგრამ დღეს ეს ზიანი თურნავას გადაწყვეტილებით არ გამოსწორებულა იმიტომ, რომ ინვესტორებმა გაიგეს, რომ საქართველოს მთავრობას საერთოდ რა უნდა, რა უდევს თავში, წარმოდგენა არ აქვს, დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს. ამიტომ, სანამ ეს მთავრობა ასეთი ქაოტური, არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური მართავს, მანამდე შეუძლებელია, რა ანაკლიის პორტზეა ლაპარაკი,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ხმაური ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გუშინ ღამით დაიწყო, როდესაც ფოთის პორტის მფლობელმა განცხადება გაავრცელა, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს. ამ განცხადებას მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის წევრთა უმწვავესი რეაქცია. მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა პირდაპირ თქვა, ხელისუფლების თამაში მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

დღეს კი ეკონომიკის მინისტრმა განმარტება გააკეთა. ნათია თურნავა ამბობს, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებული.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ეხმაურება
შემდეგი სტატია,,ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ანაკლიის კონსორციუმს არ უნდა გაუჭირდეს ვალდებულებების შესრულება, სხვა ინვესტორი ამას უკვე გააკეთებდა”