,,ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ანაკლიის კონსორციუმს არ უნდა გაუჭირდეს ვალდებულებების შესრულება, სხვა ინვესტორი ამას უკვე გააკეთებდა”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით გაიცა, მიწით სარგებლობის პირობებს ეხებოდა.

ამასთან, მისი თქმით, შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი დარღვევებით გაიცა.

„ეს დოკუმენტი არ არის მშენებლობის ნებართვა. ეს არის ე.წ. მიწით სარგებლობის პირობები, რომელიც გაიცემა ჩვენი ერთ-ერთი სსიპ-ის მიერ, კერძოდ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით იქნა გაცემული, რის შესახებაც არ ჩაგვაყენა საქმის კურსში არც მე და არც ერთი მოქმედი მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და შესაბამისად, აღნიშნული პიროვნება სამსახურიდან არის გათავისუფლებული. რაც შეეხება თვითონ ამ დოკუმენტს, ჩვენ შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ სერიოზული პროცედურული დარღვევები. მაგალითად , ერთ-ერთი დარღვევა არის, რომ როდესაც ვსაუბრობთ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, მიწის მესაკუთრე და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო, ქონების მართვის სააგენტო, არ იყო ამაში ჩართული და არ არსებობს მათთან შეთანხმება. შესაბამისად, ქონების მართვის სააგენტოს მომართვის საფუძველზე, ჩვენ ეს დოკუმენტი გავაუქმეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, ანაკლიის პორტი მთავრობისთვის არის და იქნება მთავარი პრიორიტეტული ლოგისტიკური პროექტი.

„არნახული, უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან, ფინანსური, იურიდიული, ლოგისტიკური. ეს არის 300 მილიონის ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება, ეს არის 100 მლნ დოლარის თანადაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ მეშვეობით გამოყოფს. ეს არის მიწა, რომელიც არის შეძენილი ამ პროექტისთვის და ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება და პოლიტიკური მხარდაჭერა. შესაბამისად, მხოლოდ ერთი კომპონენტი აკლია ამ პროექტს ჯერ, ეს არის ის, რომ კერძო ინვესტორმა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული პირობები. ასეთი მხარდაჭერის პირობებში, მათ ეს წესით არ უნდა გაუჭირდეთ და სხვა ინვესტორი აქამდე ამას უკვე გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მათ, ფოკუსირდნენ თავიანთ პირობებზე, ვალდებულებებზე, ჩვენ ამაში მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცესი მის მინისტრად დანიშვნამდე დაიწყო.

„ეს პროცესი, რასაც ახლა ვიკვლევთ, დაწყებული არის სანამ მინისტრად დავინიშნებოდი, რადგან ამ ბრძანებას და ამ გადაწყვეტილებას თავისი გარკვეული წინაპირობები ახლავს. ისევ ვამბობ, რომ ეს გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სსიპ-ის ბრძანების საფუძველზე. იურიდიულად თავად წყვეტს თავისი ბრძანებით, მაგრამ რასაკვირველია, როდესაც საუბარია ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე, მინისტრი უნდა ყოფილიყო საქმის კურსში და ასევე უნდა ყოფილიყვნენ საქმის კურსში მთავრობის სხვა წევრები. მთავრობის არც ერთი მოქმედი წევრი, ჩემი ჩათვლით, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო. ეს არის ასე ვთქვათ, დიდი გადაცდომა და ეს პიროვნება აღარ იკავებს დაკავებულ თანამდებობას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაში,,ტოტალური ქაოსია”-ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთში ახალი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემა/გაუქმებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ეს პროვოკაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზადდებოდა”-სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორი