ტიკარაძე – უნდა გავიგოთ, რომ ქორწილები და ქელეხები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეპიდემიის გაზრდაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე არსებული შემზღუდავი ღონისძიებების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ აკრძალვის მიუხედავად, ქორწილები და ქელეხები მაინც იმართება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურება მოსახლეობის მიერ არასწორად არ უნდა იყოს აღქმული.

„ჩვენ ყოველ დღე ვაანონსებთ, რომ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენ დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ ყველა იმ ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე, რომელიც დღეს მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონში გათვალისწინებული იყოს და თანაბრად მკაცრად იყოს დარეგულირებული სიტუაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთი წლის შემდეგ გაიგონ, რომ ქორწილები და ქელეხები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეპიდემიის გაზრდაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება წუხილი და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როცა არ იქნება ეპიდსიტუაცია კრიტიკული.

ვხედავთ, რომ წარმატებით მოვახერხეთ სიტუაციის დასტაბილურება, თუმცა მოქალაქეებისთვის რატომღაც ეს დადებითი მესიჯი გახდა და ისევ დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რის უფლებასაც პანდემია არ გვაძლევს. საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ უნდა, მიმართოს ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც გვქონდა შარშან გაზაფხულსა და ზამთარში. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა: პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა.“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიტიკარაძე – „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის სურვილი ამ დროისთვის 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოხატული
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა