თურქეთმა და სლოვაკეთმა უარი თქვეს სკრიპალის გამო რუსი დიპლომატების გაძევებაზე

ანკარა არ აპირებს სკრიპალის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაატაროს – ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ბეკირ ბოზგარმა განაცხადა. “რუს აგენტთან დაკავშირებული კრიზისი რუსეთისა და ბრიტანეთის საქმეა და ეს საკითხი მათ უნდა გადაჭრან ერთმანეთთან. თურქეთი არ აპირებს მოსკოვის წინააღმდეგ რაიმე სახის ზომის მიღებას, ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დღესვე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ პელეგრინიმ პარლამენტში თქვა, რომ ბრატისლავა არავის ზეგავლენით არ გააკეთებს “თეატრალურ ჟესტებს”.
ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 16-მა უკვე დაითხოვა რუსი დიპმისია საკუთარი ქვეყნიდან. თორმეტმა ქვეყანამ თავი შეიკავა.

“გაერთიანებული სამეფოსა და სხვა მოკავშირეებთან ერთად ავსტრალია ბრიტანეთის სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის გამო ზომებს უერთდება” – ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტიურნბულმა 27 მარტს განაცხადა. მისი თქმით, ორი რუსი დიპლომატის იდენთიფიცირება მოხდა როგორც დაზვერვის საიდუმლო თანამშრომლების. მათ ქვეყნიდან გააძევებენ იმის გამო, რომ მათი საქმიანობა მათ სტატუსს არ შეესაბამება – განაცხადა პრემიერმა.

ორშაბათს გავრცელდა, რომ აშშ ქვეყნიდან 60 რუს ჯაშუშს გააძევებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო ნატოს პარტნიორებთან შეთანხმებით. ტრამპის გადაწყვეტილებით, სიეტლში რუსეთის საკონსულო დაიხურება – იმის გამო, რომ საკონსულო ამერიკის წყალქვეშა გემების ერთ-ერთ ბაზასთან ახლოს მდებარეობს, იქვეა კომპანია “ბოინგი”.

მოსკოვი ყველა იმ ქვეყნისადმი მიიღებს შესაბამის ზომებს, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს საკუთარი ქვეყნებიდან – რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა. “იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვხედავთ, ცხადია, იქნება პასუხი. ყველა ქვეყანა შესაბამის პასუხს მიიღებს დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებითაც და სიეტლში რუსეთის გენერალური საკონსულოს დაკეტვის გამოც” – თქვა ზახაროვამ. მისი აზრით, ის, რაც ხდება, არის “უკვე აბსოლუტურად ტოტალური და არც არავინ მალავს რუსოფობიურ კამპანიას”.

ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან ახლოს, სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული იპოვეს 4 მარტს. დღემდე ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე კომაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა ექიმებმა ადამიანის ახალი ორგანო აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაამ წუთებში ივანიშვილს ზუგდიდიდან 150 წლის მუხა მიაქვს (ფოტო)