თუ წამყვანი ქვეყნები ერთიანობას არ გამოიჩენენ, ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს – იაპონიის პრემიერი

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრა შეიძლება განმეორდეს აღმოსავლეთ აზიაში, თუ წამყვანი ქვეყნები ერთიანობას არ გამოიჩენენ.

მედიის ინფორმაციით, ფუმიო კიშიდამ ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადგა დრო, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ერთიანობა გააძლიერონ.

„საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სულ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნებთან და არასოდეს შევეგუოთ ძალის გამოყენებით სტატუს-კვოს შეცვლის ცალმხრივ მცდელობებს ინდო-წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში. ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს. ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ იაპონიის უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების სტაბილურობისთვისაც“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

ფუმიო კიშიდას განცხადებაზე კომენტირებისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონია პეკინის მხრიდან საფრთხის აღქმის გაზვიადებაში დაადანაშაულა.

„თუ იაპონიას ნამდვილად სურს მშვიდობა და სტაბილურობა აღმოსავლეთ აზიაში, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დიდ ძალებს შორის დაპირისპირების პროვოცირება და მეტი გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონის ქვეყნებს შორის ნდობის გაზრდას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა პეკინში გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშითუ ყურადღებას მივაქცევთ, მოთხოვნა სააკაშვილის რომელიმე კლინიკაში გადაყვანის თაობაზე არ დგას – აქტიური მოთხოვნაა მისი უცხოეთში წაყვანა – სარჯველაძე
შემდეგი სტატიამაჩვენეთ ერთი პროფესიონალი ექიმის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ – ხაბეიშვილი