“თუ საჭირო იქნება, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ ” – კობახიძე „ომეგა ჯგუფის“ სარჩელზე

თუ საჭირო იქნება, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შეფასებისას:

„ვრცელდება ჩანაწერები, სადაც „ქართულ ოცნებაზე“ საუბრობს ვიღაც, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან. ასე შეგვიძლია ჩავწეროთ ფარული ჩანაწერები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაცის გაკეთება. ეს არის ძალიან მარტივი რამ. მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები და მათგან არც ერთს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს. მსგავსი ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არის. ახლა არის წინასაარჩევნო კამპანია და ჩვენს ოპონენტებს სურთ აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ ვრცელდება ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე“, ბიძნა ივანიშვილზე და ა.შ. ხელოვნური მცდელობები იქნება არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი ადამიანი საუბრობს რაღაცა გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება ჩვენთვის აჟიოტაჟის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ითხოვს, რომ თუკი ვინმე, მათ შორის ოქუაშვილი და ჩუბინაშვილი საუბრობენ რაიმე დანაშაულზე, იხდიდნენ ქრთამს, მათ უნდა შეეფარდოთ სასჯელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ისინი ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი განცხადებებით პირდაპირ მოუწოდებს პროკურატურას თუ როგორ უნდა მოიქცეს.

„დიახ, ეს არის გზავნილი პროკურატურის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ არის ჩადენილი დანაშაული, უნდა მოხდეს მისი გამოძიება და დაისაჯოს დამნაშავე. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი. ლონდონში კი არა ბანგლადეშში ჩავალთ თუ საჭირო იქნება და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს“, განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკანონპროექტის გაწვევა არ იგეგმება – კობახიძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენი შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს