ნათელაშვილი ჯორჯ კენტს მიმართავს

თქვენს მიერ სენატში, საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი – ამ სიტყვებით მიმართავს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს.

​ნათელაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“🔴💬 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ბატონ ჯორჯ კენტს

◾ ძვირფასო კენტ,
თქვენ მიერ სენატში საქართველოს საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი.
თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით ჩატარებული არჩევნები მიიჩნიეთ სამართლიანად, ხოლო პოლიტიკური პატიმრები გამოაცხადეთ კანონის დამრღვევებად.
როგორაა პროდასავლელი რუსული მილიარდების მფლობელი, „გაზპრომის“ აქციონერი, საბჭოთა, შემდგომ რუსული იარაღის ცნობილი კონტრაბანდისტი აზია–aფრიკის ქვეყნებში. მარტო ანგოლაში შეტანილი მილიარდობით რუსული იარაღი რად ღირს, რამაც მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა?!
როგორ უნდა იყოს პროდასავლური რუსეთის გავლით ნარკოტიკების, ბიტკოინების შავი ფულის გამთეთრებელი, რომელმაც საერთოდ ეს სიმდიდრე დააგროვა არა ბიზნეს საქმიანობით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურთა და უმაღლესი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებითა და დავალებით მოსკოვის ძლიერებისათვის.

როგორაა პროდასავლური კურსის ერთგული რუსი ოლიგარქი და მისი პარტია, რომელმაც ეს 9 წელი ისე შეაღობინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები კრემლს, ისე დაუსჯელად დაახოცინა ჩვენი ხალხი, გაატაცებინა ათასობით მოქალაქე, რომ ერთხელაც არ მოუთხოვია სანქციები მოსკოვის მიმართ და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც არ მოუწვევინებია, რათა ჩვენი ხალხის ტრაგედია შეფასებულიყო?!
როგორ შეiძლება დააბრალოთ რუს ოლიგარქს დასავლური ორიენტაცია, როდესaც მან სახელმწიფო მიიტაცა, ყველა არჩევნები რუსული ფულით იყიდა და გააყალბა?! მთელი ბიზნესი საკუთარ გარემოცვაზე გადააფორმა, სასამართლო ხელისუფლება ფაქტიურად გააუქმა, პარლამენტის წევრებად თავისი ბანკის წევრები გააფორმა, შინაგან საქმეთა მინისტრად–– საკუთარი პირადი დაცვა, უშიშროების შეფად ––საკუთარი ბანკის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრად–– მისივე ბანკის ვიზა ბარათების შეფი, ჯანდაცვის მინისტრად–– საკუთარი სტომატოლოგი, ხოლო გენერალურ პროკურორად გერმანიაში სპორტული ბოტასების ოფიციალური ქურდი დანიშნა?!
რა პროდასავლურობას აბრალებთ ძალას, რომლის ლიდერიც ყოველდღე პრეზიდენტ პუტინს უთანხმებს სამომავლო სტრატეგიას, თუ როგორ დაუბრუნოს მოსკოვს სრული გავლენა რეგიონში, როგორ გახადოს საქართველო სამი იმპერიის რუსეთ-ირან-თურქეთის ახალი ალიანსის წევრი, რომlის სპეცსამსახურებიც აუცილებელი წესით აწვდიან მოსკოვს ყველა იმ მოლაპარაკების სტენოგრამას, რომელიც ასახავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრების საიდუმლო მონაკვეთებსაც კი?!

სადაური პროდასავლელია ლიდერი, რომელმაც პირდაპირ მოსკოვის დავალებით ჩაშალა შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტის, ანაკლიის მშენებლობა ამერიკელი ინვესტორების მიერ, რათა იქ არ შემოსულიყვნენ ნატოს სამხედრო წყალზედა და წყალქვეშა ხომალდები და დასავლეთს არ ჰქონოდა გზა რუსეთის და ირან-თურქეთის გვერდის ავლით ევრაზიის ცენტრისაკენ?! ამერიკული „ფრონტერას“ და „ფილიპ-მორისის“ გაძევება- გაკოტრება საქართველოდან ასევე, ვფიქრობ არ იყო მთლად პროამერიკული ნაბიჯი.

თქვენი განცხადება ოპოზიციური პარტიის ლიდერზე ნიკა მელიაზე, რომელიც დააპატიმრეს ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო აქციაზე აქტიურობისათვის, რომ თითქოს მან მოიხსნა ელქტო სამაჯური, მოწყვეტილია ობიექტურობას და რეჟიმის წაქეზებაა პირდაპირ, რათა მან განაგრძოს რეპრესიები, რომლის მსხვერპლი უკვე გახდა არაერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი.

თქვენ, როგორც ვიცი, ჩვენი მოძმე უზბეკების სიძე ბრძანდებით და იცნობთ უზბეკ ოლიგარქ 21 მილიარდის მფლობელ ალიშერ უსმანოვს პუტინის გარემოცვიდან. ის რომ ჩაუდგეს უზბეკეთს სათავეში, მასაც დააბრალებდით პროდასავლური კურსის გატარებას?! თუ კი, მაშინ გავიხსენებდი ბიბლიას – „ნეტარ არიან მორწმუნენი“.

ისე ჩვენ გულწრფელად გვეგონა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის შეცვლის და კუშნერის თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ, რომელსაც აფინასნებდა რუსი ოლიგარქი (აქ არ გავიმეორებ ინფორმაციებს რომ მოსკოვი ტრამპის სარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოფშორული ანგარიშების მეშვეობით, რაც ამერიკულ სპეცსამსახურთა გამოსაძიებელია.) მე, ვფიქრობდი რომ საქართველოს პროპუტინისტურ რეჟიმს ვაშინგტონში მოკავშირე აღარ დარჩებოდა და როგორც ვხედავთ, ღრმად შევცდით.

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს თქვენი განცხადება სენატში, რომ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, თავი რომ დავანებოთ პუტინის ფულებს, სახელმწიფო რესურსებს, რეპრესიებს, როგორ შეიძლება თავისუფალი უწოდოთ არჩევნებს, როდესაც საარჩევნო კომისიებში, აბოსოლიტური უმრავლესობა მმართველი პარტიის ჯგუფებია, რომლებიც თვლიან ისე როგორც ამას დააავალებენ. სადაა აქ სამართლიანობა და დემოკრატია?!

განსაკუთრებით თავზარდამცემია ის, რომ თქვენი და ზოგიერთი ამერიკელი მეგობრის განცხადება ქართული, პრო-კრემლისტური რეჟიმის მხარდასაჭერად საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის ნარიშკინის განცხადებას, სადაც ის სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მმართველ პარტიას და ასევე, არ იზიარებს ახალი არჩევნების მოთხოვნას. (შეგიძლიათ აღნიშნული ტექსტი იხილოთ ამ სპეცსამსახურის საიტზე, მით უფრო, რუსული კარგად იცით. www.svr.gov.ru

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყველა უბედურება, ოკუპაცია მოსკოვის სისხლიანი მტრობა, დაშლა, კრიზისი, სანქციები დაატყდა თავს სწორედ პროდასავლური, პროამერიკული ორიენტაციის გამო. ამ ბრძოლაში თუ ხელს არ შეგვიწყობთ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით თქვენი ხედვის მიმდევრები.

თქვენი მოწოდება, რომ ქართული ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ნიშნავს ერთადერთს ––დავტოვოთ ხელისუფლებაში პუტინის სატელიტი განუსაზღვრელი ვადით და მოვწყვიტოთ საქართველო საბოლოოდ დასავლურ ორბიტას, დავბრუნდეთ მოსკოვის გავლენის სფეროში და თქვენთვისაც დავკარგოთ ერთადერთი ევრაზიული გასაღები.
ამჯერად, დაუყოვნებლივ და გადაუდებლადაა საჭირო უმკაცრესი ფინანსური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, რასაც მოჰყვება ახალი დემოკრატიული არჩევნები. აი, ეს იქნება თქვენგან ქართველი ხალხის გვერდით დგომა”.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” სათავო ოფისში უკვე 3 საათია პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბოგველის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში” ნიკა მელიას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პირადი წერილი გააგზავნა