თორნიკე რიჟვაძე – სპორტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ჩვენ დიდ რესურსს ვხარჯავთ, რომ სპორტულმა ღონისძიებებმა მიიღოს სისტემური ხასიათი, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კანონპროექტის ”ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ” საჯარო განხილვის დროს. მისივე თქმით, დიდი რესურსი იხარჯება ასევე იმისთვის, რომ ჩატარდეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებები.

როგორც „თაიმერს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ბათუმში მოსახლეობასთან საჯარო განხილვების ფარგლებში, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.

თორნიკე რიჟვაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტის განვითარების საქმეში ახალი კანონპროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ როგორც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების, ისე სპორტული ტურიზმის განვითარების საქმეში.

„სექტემბერში ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიადა ჭადრაკში და განსაკუთრებით ვემზადებით ამისთვის. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა და გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში საფეხბურთო კუთხითაც ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მუნიციპალიტეტის დონეზე ხორციელდება რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ხელს უწყობს ერთი მხრივ, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, და ამ ნაწილში იქნება მეტი ხელშეწყობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტის დონეზე”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
“ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ” ახალი კანონპროექტის შესახებ საჯარო განხილვას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი წარუძღვა. შეხვედრები კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საზოგადოების წარმომადგენლებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას ემსახურება. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.

რეგიონებში პროექტის საჯარო განხილვები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ეწყობა.
ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ_დემოკრატიული_ინსტიტუტი (NDI), ხოლო ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: „მოქმედმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები“
შემდეგი სტატიაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს