თინა ხიდაშელი: რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა საქართველოში ბევრ დაბრკოლებას აწყდება

ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირის დროშებით მომარჯვებული ჩვენი ძმები, მამები და ნათესავები შეეწირნენ რუსულ ოკუპაციას , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) საჯარო გამოსვლისას განაცხადა, როდესაც იგი საქართველოში რუსეთის გავლენაზე საუბრობდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ცოცხალ ოკუპაციაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს რიგით მოქალაქეებზე ყოველდღიურად აისახება – თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსული ტანკები დადიან და რუსული დროშა ფრიალებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროდადრო იტაცებენ ადამიანებს, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.
თინათინ ხიდაშელმა მეორე მიმართულებად რუსული პროპაგანდისტული მანქანა დაასახელა, რომელიც ცდილობს ისეთი გავლენიანი იყოს, როგორიცაა ევროპის ბევრ ქვეყანაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ძალიან გამრავლდნენ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები; გაჩნდნენ პრორუსული პოლიტიკური პარტიები და ეს პროცესი 2010 წლიდან დაიწყო.
“ამ წელს პრეზიდენტ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობების დატოვების შემდეგ საკუთარი პოლიტიკური პარტიები შექმნეს და რუსული გზა აირჩიეს. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები – თუ სააკაშვილის ხელისუფლება აგრესიულ ანტიკრემლისტურ პოლიტიკას ატარებდა და ისინი მკაფიოდ დასავლეთზე ორიენტირებულნი იყვნენ, საიდან გაჩნდა უეცრად მის მმართველ გუნდში ამდენი რუსული პოლიტიკის მიმდევარი ადამიანი?”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თუმცა, თავდაცვის სამინსტროს ინფორმაციით, მინისტრი რუსული ოკუპაციის ტრაგედიაში პოზიტიური ფაქტორსაც ხედავს.
“რამდენად ტრაგიკულიც უნდა იყოს ყოველივე ეს, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ რუსეთის პროპაგანდა საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს. ის, ვინც ომში ოჯახის წევრს გიკლავს, ვერასდროს იქნება დამაჯერებელი როცა ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. მაშინ, როცა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს საქართველოში დასახულ მიზანს მიაღწიოს, იგი ბევრ დაბრკოლებას აწყდება”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობებიც მიმოიხილა.
“ამ ეტაპზე მხარეებს შორის თანამშრომლობა არ მიმდინარეობს. როდესაც ვხვდებით ერთმანეთს თითქმის არ ვესაუბრებით. რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებს მუდმივად ესწრება და ჩვენს პარტნიორებზე ახდენს ზეწოლას; ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ცდილობს იყოს პროაქტიური, წარმოადგინოს ისეთი წინადადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ განწყობასა და დამოკიდებულებას შეცვლის. მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც სხვადასხვა საკითხზე და, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, მხოლოდ საერთაშორისო ფორმატებში მიმდინარეობს, რადგან მჯერა, დადგება დრო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავა, როდესაც შეიქმნება შესაბამისი გარემოებები და გეოპოლიტიკური ვითარება,” – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: არამგონია ამ ფრამაზამ ხელი შეუშალოს ვიზალიბერალიზაციას
შემდეგი სტატიაშს მინისტრი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეხვდა