თენგიზ ცერცვაძე: კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე არავინ დარჩება

ცალსახაა, რომ მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების დრამატული ზრდისა, სამედიცინო პერსონალისა და მთელი ინფრასტრუქტურის გადატვირთვისა, საქართველო მაინც ახერხებს, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, უფრო მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოახდინოს, ვიდრე ამას ევროპის წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, – ამის შსახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მართალია, მოსახლეობის მხრიდან არის საჩივრები, ხშირად სამართლიანი, ზოგჯერ გადაჭარბებული, რომ ისინი დიდხანს ელოდებიან ტესტის აღება, ტესტის პასუხს. იგვიანებს სასწრაფო, ჭირს დაკავშირება ოჯახის ექიმთან, როდესაც პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გადაწყდება, მყისიერად არ არის ადგილი, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის, მაგრამ ეს გარდაუვალია იმ პირობებში, როდესაც ხდება შემთხვევების ძალიან დრამატული მატება.

ამ პანდემიას ვერ უმკლავდება ვერავინ, მთელს მსოფლოში. გადახედეთ რა ხდება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. იქ ყველა ის სიძნელე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას, ეს სიძნელეები ყველა იმ წამყვან ქვეყანაში, დამერწმუნეთ, გაცილებით მეტი მასშტაბებით ხდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობას ამ მხრივ პრობლემები ნაკლები ჰქონდეთ.

„ბოლო კვირების განმავლობაში ამ მიზნით უამრავი რესურსი დაემატა როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე ოჯახის ექიმის სამსახურებს; ონლაინ კლინიკებს, დამატებითი სტაციონარული საწოლები გამოთავისუფლდა; მუდმივ რეჯიმში ტარდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგები. ყველაფერი ეს უზრუნველყოფს იმას, რომ გადაძაბვით, მაგრამ მაინც არავინ დარჩება კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან რკინის ბარიკადები მიიტანეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ჩვენ შეიძლება, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ ყველამ გაითვალისწინოს, რომ გვაქვს ერთი სამშობლო