თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში ფიგურირებს სახელმწიფო, ამიტომ ლეგიტიმურია ის მოთხოვნები, რაც ოჯახს აქვს

მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ვინც მომავალში იქნება საპროტესტო აქციის მონაწილე, დაიცვან კანონის მოთხოვნები. აქცია არ უნდა გასცდეს მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებს – განაცხადა სახალხო დამცველმა, რომელიც პანკისში დღეს, ადგილობრივების მიერ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების თაობაზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეში სახელმწიფო ფიგურირებს, ამიტომ ოჯახის მოთხოვნა, რომ დროულად მოხდეს საქმის გამოძიება, ლეგიტიმურია.

“სამწუხაროდ, ძალადობის და შეურაცხყოფის ტენდენცია იკვეთებოდა ბოლო აქციების განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს. რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნებს, ამაზე სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების 2017 წლის ანგარიშშიც საუბრობდა. ჩვენ სპეციალური თავი მივუძღვენით თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სიცოცხლის უფლების ნაწილში იმიტომ, რომ მის გარდაცვალებაში ასე ვთქვათ, ფიგურირებს სახელმწიფო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ლეგიტიმურია ის მოთხოვნები, რასაც ოჯახი აყენებს – მოხდეს დროული გამოძიება. ასევე მიმაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, როგორც ოჯახს და ადვოკატებს, ასევე საზოგადოებასაც მაღალი საზოზადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს. უნდა მიაწოდონ ის ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და მაქსიმალურად გაასაჯაროონ ინფორმაცია ამ გამოძიების ირგვლივ იმიტომ, რომ ნამდვილად, ეს
ბოლო წლებში ერთ-ერთი პირველი ფაქტია, როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას. ამაზე სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირებაა საჭირო”, – განაცხადა ლომჯარიამ.

პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ძალიან არასერიოზულია, რომ დღეს მათ დავუსვათ შეკითხვები, ისინი არიან ფაქტობრივად ცრუმონაცვლეები
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაძლოა ისევ გაიყოს