თეა წულუკიანის თქმით, შალვა ამირანაშვილის მუზეუმიდან ექსპონატებს დროებით გაიტანენ, შენობას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

შალვა ამირანაშვილის მუზეუმთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა განცხადება გააკეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლიდან, ექსპონატები დროებით დაცულ ადგილას უნდა გაიტანონ და სახელმწიფოს პოზიცია იქნება ურყევი – მუზეუმს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამინისტროს ცნობით, წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს – მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის შედგა შეხვედრა.

„მხარეებმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. მეუფემ მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში.

მინისტრმა კი მიმოიხილა 1835 წელს აგებული ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობის (ე.წ. სემინარიის შენობა) მდგომარეობის შესაფასებლად 2021 წელს ჩატარებული სიღრმისეული ექსპერტიზის დასკვნა და სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შედეგები ოქროს ფონდში დაცულ ხატებთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ვინაიდან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ავარიული შენობა (ე.წ. სემინარიის შენობა) უნდა დაექვემდებაროს აღდგენას, რისთვისაც დაწყებულია პირველადი სამუშაოები, აუცილებელი ხდება, რომ მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის, ოქროს ფონდი დროებით სხვა სივრცეში იყოს გადატანილი, ხოლო მუზეუმის შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდეს იმავე შენობას.

შეხვედრის შედეგად შეთანხმდა, რომ ოქროს ფონდის (10000-ზე მეტი ექსპონატი) დროებით საცავად იდენტიფიცირებულია და განხილულ იქნება ორი ვარიანტი:

ა) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი, უკანა კორპუსი, რომელიც, ე.წ. სემინარიის შენობისგან დამოუკიდებელია, მყარია და ის 1980-იან წლებშია აშენებული.

ბ) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რომლის შენობის სიმყარე ასევე ეჭვს არ იწვევს.

პირველი სივრცე საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც, მასში ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი, მათ შორის ოქროს ფონდი, სრულად იქნება დაცული.

მეორე სივრცე კი უკვე მზადაა (როგორც საგამოფენო სივრცე, ასევე ფონდსაცავი), მაგრამ მისი ფართიდან გამომდინარე, მასში მხოლოდ ოქროს ფონდი (სრულად ან ნაწილობრივ) შეიძლება განთავსდეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას მოცემულ ორ სივრცეს შორის შესაბამისი არჩევანის გასაკეთებლად.

მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ ოქროს ფონდის დაზიანებული ზოგიერთი ექსპონატის რომელიმე სივრცეში გადატანამდე, UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შესაბამისად, პროფესიონალების მიერ მათი დროებითი გამაგრება უნდა განხორციელდეს და ოქროს ფონდის აღწერის პროცესი დასრულდეს.

კულტურის მინისტრმა მეუფე ვახტანგს ასევე აცნობა, რომ მუზეუმის შენობის ევაკუაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება ხელოვნების მუზეუმის დაზიანებული შენობის აღდგენის პროცესი“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელსა და თეა წულუკიანს შორის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასასულიერო პირების დესანტი მარტვილის ეპარქიაში