თეა წულუკიანი: თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს

თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა საჭირო, რომ ქვეყანამ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაზე იფიქროს, რადგან ქუჩაში ფეხით მოსიარულეთა სიმრავლე შეინიშნება და რამდენად მოსალოდნელია უახლოესი ორი დღის განმავლობაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დღევანდელმა სურათმა, რომელიც ერთგვარად, ბოლო დღეების შემაჯამებელი ანალიზი იყო, აჩვენა, რომ მთავრობას ზომების კორექტირება დასჭირდა, რადგან საზოგადოებამ თავისი ქცევა შესაბამისად არ დააკორექტირა.

„დღეს, გუშინ და გუშინწინ ქუჩაში იყო ბევრი მანქანა, მოძრაობს ბევრი ადამიანი; დღეს, დილით, თათბირზე რეგიონებიდანაც მივიღეთ ფოტო-ვიდეომასალები, სხვა ინფორმაცია და ჩავთვალეთ, რომ უკვე დადგა დრო, გვემსჯელა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეს გავაკეთებინოთ ის, რასაც მოწოდებების მიუხედავად თავად არ აკეთებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა კომპეტენტურ ადამიანებს უსმენს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილებას ეპიდვითარების შესაბამისად იღებს.

„ესენი არიან, პირველ რიგში, ბატონი ამირან გამყრელიძე და სხვები, ექიმები და კლინიკების დირექტორები. ჩვენ ვუსმენთ მათ, რადგან მათზე მეტი არ ვიცით და ვერ გვეცოდინება. ასევე, მთავრობის შიგნით ყოველ დილით ვისმენთ ჯანდაცვის მინისტრისა და მისი გუნდის რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს. მესამე ფაქტორი, რასაც მთავრობა აკეთებს, არის ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით საზოგადოების ქცევას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძემ დაავადების გავრცელების პიკის საკუთარი პროგნოზიც გააკეთა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა