თეა წულუკიანი: აღარ არის საქართველოს ამომრჩევლის დაკვეთა ქუჩა დღეს სხვა რეალობაა

რადგან ჩვენს საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა, რომ იყოს მრავალპარტიული და არა დიქოტომიაზე დაფუძნებული საკანონმდებლო ორგანო, ამისთვის შრომობს „ქართული ოცნება“. ამას მოწმობს 8 მარტის შეთანხმება და ის, რომ ჩვენ ჩართულნი ვართ მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ის წინადადება, რაც დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დევს არის ახალი ინიციატივა და არა ის, რაც ისედაც იგეგმებოდა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილს ქუჩაში დარჩენა სურს, თუმცა ქუჩა აღარ არის საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა.

„8 მარტის შეთანხმების შედეგად ჩატარებული რეფორმა თვითკმარია და მას დაესვა წერტილი. გაგრძელება ამ რეფორმის არის ახალი ინიციატივა, ეს არ არის ის, რაც იგეგმებოდა. ეს სრულიად ახალი იდეების კრებულია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დადო „ქართულმა ოცნებამ“. ეს არ არის ის, რაც ისედაც იგეგმებოდა და გაკეთდებოდა. ეს არის იმ რეფორმის გაგრძელება, რომელზეც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხების წერტილებს ალბათ ვიპოვითო, სწორედ იმიტომ, რომ ეს დიქოტომია გაირღვეს, რადგან პატარა პარტიაც, რომელმაც ერთი პროცენტი მიიღო ხმების, თავისი ხმა გააჟღეროს პარლამენტში, მაგრამ პრობლემაა, რომ ამ პატარა პარტიას, ორი ვარაუდი მაქვს, ან ვიღაც სხვა, რომელიც უკვე გასულია პოლიტიკური პროცესიდან, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთ წარმომადგენელს ვგულისხმობ, რომლებიც ყველაზე დიდი აგრესიით, რადიკალიზმით და ექსტრემიზმით გამოირჩევიან უკვე დიდი ხანია, ცდილობენ, რომ ისინი არ მიუშვან პარლამენტამდე, არ მინდა იქამდე წავიდე რომ ვთქვა, მათში კონკურენტებს ხედავენ, მაგრამ ამაშიც არის ალბათ სიმართლის დოზაც. მათ ურჩევნიათ, ყველა იყვნენ ქუჩაში, მაგრამ ამ დროს, აღარ არის საქართველოს ამომრჩევლის დაკვეთა ქუჩა. ეს იყო ჩვენს ბავშვობაში, მერე, თუნდაც მაშინ, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. ეს რეალობა არის უფრო კომპლექსური, უფრო მძიმეც რადგან მას ტარება სჭირდება. იმიტომ, რომ ხელისუფლება თვლის, სჯობს, ყველა იყოს პარლამენტში, ვიდრე ქუჩაში, შრომობს და ბევრ ძალისხმევას დებს იმაში, რომ პოლიტიკოსები იყვნენ პარლამენტში და არა ქუჩაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ექიმ დავით მრელაშვილს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა მათ სამწუხაროდ რვა წელი ამისთვის იღწვოდნენ