თეა წულუკიანი : 2013 წელს დაიწყო დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება და წელს ლოგიკურ დასასრულამდე მივა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 22, 2018 12:34

თეა წულუკიანი : 2013 წელს დაიწყო დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება და წელს ლოგიკურ დასასრულამდე მივა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის წყალობით, დღეს ზედოზირების შემთხვევაში ექიმი აღარ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს მომხდარის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, 2013 წელს ქვეყანაში დაიწყო დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება და წელს ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

„დღეს გვაქვს ჩვენი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც აერთიანებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აერთიანებს ამ თემაზე მუშაობისთვის ჩვენს ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

იმედი მაქვს, ის სამუშაო, რაც ჩვენს ძველ წევრებს კარგად ახსოვთ, 2013 წელს დავიწყეთ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება ჩვენს ქვეყანაში და წელს მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე. ეს პროცესი ყოველთვის იყო კომპლექსური.

ამ ფორმატში, რომელიც ჩემი აზრით შესანიშნავი სადისკუსიო სივრცეა ყველასთვის, გვქონდა აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით, რაც თავის დროზე ზოგიერთს მიუღწევლადაც მიაჩნდა.

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს შესანიშნავი ინიციატივის წყალობით, დღეს ზედოზირების შემთხვევაში ექიმი აღარ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს მომხდარის შესახებ. ასევე, ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს ერთ-ერთ მონაწილეს, ახლა უკვე პარლამენტიდან არჩილ თალაკვაძეს, რომ შევძელით ციხეების სისტემაში უფრო ჰუმანური გამხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან მიდგომები“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი, რომელიც პროკურატურასთან ერთად გადაიდგა, როდესაც გაიმიჯნა შესაბამის მუხლებში, სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში მოხმარებისა და გასაღების მუხლები.

„აღარაფერს ვიტყვი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო რეფორმებზე. ეს იყო ის, რაც ჩვენ ამ საბჭოს ფარგლებში შევძელით და 2013 წლიდან ვაგრძელებდით დისკუსიას, როგორ უნდა გადაგვედგა ლიბერალიზაციისა და ჩვენი ნარკოპოლიტიკის გაადამიანურების მიზნით მომდევნო ნაბიჯები.

მინდა გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, რომ საშუალება მოგვცა ეს პროცესი უწყებათაშორის ამ ფორმატს დაუბრუნდეს. ძალიან მოხარული ვიქნები, თუკი იმ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც უკვე არსებობს, ჩვენს პარლამენტში არაერთი შეხვედრა გვქონდა და წინ რეალურად მართლა წავიწიეთ, შეგვიძლია ალბათ ვთქვათ, რომ დღეს გვაქვს შეხების არაერთი წერტილი, თუმცა დარჩენილი იქნება ალბათ არაერთი პოზიცია, რომელიც კიდევ უფრო უნდა შეჯერდეს“,- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი მზაობას გამოთქვამს გაააქტიურონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

„მზად ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტოვანი პოლიტიკა, ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად დაბალანსებული და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე ავსახოთ კანონმდებლობაში.

თუკი ამაზე თანხმობა იქნება, რომ წავიდეთ კიდევ უფრო შორსაც, რათა ვებრძოლოთ მათ, ვისაც სალაპარაკო ენაზე გამსაღებლებს ვეძახით, რომ ახალი წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია და რომელთაც ძალიან ბევრი სერვისი სჭირდებათ, რათა შეძლონ მკურნალობა. ეს არის ჩვენი მიდგომა, რომელიც ტრადიციულად იყო ამ საბჭოში გაზიარებული, უბრალოდ საჭიროა უფრო მეტი დისკუსია ყველასთან, რომ ქვეყანაში კონსენსუსზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა მივიღოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 22, 2018 12:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics