„თბილსერვის ჯგუფი“ მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზს აგრძელებს

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფთან ერთად, რომელსაც დოქტორი ლუდვიგ შტრეფი ხელმძღვანელობს, მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის მეორე ეტაპს ახორციელებს.

კვლევების პირველი ნაწილი, გასული წლის შემოდგომაზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

კვლევა მიზნად ისახავს, დადგინდეს თბილისში წარმოქმნილი მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობა, რათა განისაზღვროს მყარი მუნიციპალური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადების ზუსტი რაოდენობა, დაისახოს ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების რეალისტური მიზნები, განისაზღვროს მათი განხორციელების გზები, ასევე, ინფრასტრუქტურული და ფინანსური საჭიროებები.

მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის ჩასატარებლად, შეირჩა 4 ძირითადი ზონა, საიდანაც შეგროვდა წარმოქმნილი ნარჩენები: მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორიები, საკუთარი ეზოების და ბაღების გარეშე; ტერიტორიები, სადაც განთავსებულია კერძო სახლები ბაღებით ან ეზოებით; მხოლოდ კომერციული ზონები; შერეული ზონები (კომერციული და საცხოვრებელი ტერიტორიები).

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, 20-თვიანი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაც 2020 წლის 16 იანვარს დაიწყო.

მისი მიზანია თბილისისათვის მყარი მუნიციპალური ნარჩენების პრევენციისა და გადამუშავების 10-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, გეგმის შესრულების საწყისი ეტაპის ხელშეწყობა.

აღნიშნულ ინიციატივას ახორციელებს თბილისის მერია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“, გერმანულ-ბერძნული კონსორციუმის – ICP-ENVIROPLAN და ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანიის ICP-Ingenieurgesellschaft Prof. Czurda & Partner mbH მონაწილეობით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისოფელ ტვიშში ერთმანეთს რიონის ხეობის მცველები და პოლიცია დაუპირისპირდა
შემდეგი სტატიათალაკვაძე: კანონპროექტი არ ეხება მათ, ვინც გადალახავს ერთ პროცენტიან ბარიერს, მაგრამ პარლამენტში ვერ შემოვა