“თბილისს ევროსტუქტურებიდან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დამატებით მოთხოვნებზე არანაირი შეტყობინება არ მიუღია”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა ევროკავშირის სტრუქტურებთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არანაირი ახალი ინფორმაცია არ მიგვიღია, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე გერმანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ეს სტატია, რომელიც „დი ველტი“-ში გამოქვეყნდა, ეხება თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას, სადაც საუბარია გარკვეულ წინაპირობებზე, რომლებსაც ევროკავშირი წაუყენებს თურქეთს. იქ ასევე ნახსენებია საქართველო, უკრაინა და კოსოვო. მინდა მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რომ ჩვენთვის ამ ინფორმაციის შესახებ არაფერია ცნობილი”, – განაცხადა გიგიაძემ.

მისივე თქმით, ოფიციალურ თბილისს ევროსტუქტურებიდან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დამატებით მოთხოვნებზე არანაირი შეტყობინება არ მიუღია. გიგიაძის თქმით, საქართველო განაგრძობს უკვე დაწყებულ პროცესს, რომელიც გულისხმობს საქართველოს საკითხის განხილვას ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ევროპარლამენტში განხილვა დაგეგმილია 21 აპრილს, ხოლო ევროკავშირის საბჭოს მიმართულებით პირველი ჯგუფის შეხვედრა 11 მაისს გაიმართება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ევროკავშირის სტრუქტურებთან. ჩვენი უშუალო პარტნიორია ევროკომისია, საიდანაც ჩვენ ვიღებთ მუდმივად ინფორმაციებს და ევროკომისიისგან შეტყობინება მიღებული არ არის. პირიქით, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა, ვაგრძელებთ დაწყებულ გზას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“, – აღნიშნა გიგიაძემ.

გერმანული „დი ველტი“ წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. გამოცემა ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

„დი ველტის“ ინფორმაციით, მსგავსი პირობები შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც. ე.წ გადადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გავრცელებული ცნობით, საკითხის განხილვას 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიგალში დედამ ჩვილი ბავშვი შემთხვევით გაგუდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ხვალ სტრასბურგში გაემგზავრება