თბილისის საპატიო მოქალაქეები

რისმაგ გორდეზიანი – თანამედროვეობის დიდი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, მრავალი თაობის აღმზრდელი. ბატონი რისმაგი სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პრორექტორი, ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი, მათგან 30 წიგნი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; რისმაგ გორდეზიანი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით; არის საბერძნეთის, ბრიტანეთის, გერმანიის პრესტიჟული აკადემიური ორგანიზაციების საპატიო წევრი.
აკაკი ნადარეიშვილი – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; აკაკი ნადარეიშვილი სხვადასხვა დროს იყო კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი; არის პრესტიჟული ევროპული სამედიცინო ასოციაციების წევრი და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ირაკლი ფავლენიშვილი – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სხვადასხვა დროს ირაკლი ფავლენიშვილი იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და საბჭოს წევრი, სამედიცინო აკადემიის პრორექტორი, საქართველოს პედიატრ-ქიმიოთერაპევტთა საზოგადოების პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წევრი; მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი; არის 52 აკრედიტებული სამედიცინო პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი, ასევე, 15 პატენტის ავტორი. მოპოვებული აქვს სახელმწიფო პრემია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოქროს მედალი, სოდერბერგის ფონდის პრემია, ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების მედალი.
რამაზ ყურაშვილი – ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბატონი რამაზი დიაბეტის ეროვნული ცენტრის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის, საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინული ასოციაციის დამფუძნებელია; სხვადასხვა დროს კვლევითი მიზნით მუშაობდა უცხოეთის პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებებში; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი; დაჯილდოებულია საქართველოს საპატიო ორდენით, იტალიის ექიმთა ასოციაციის საპატიო სიგელით, საუკუნის ექიმის წოდებით და მედია ვარსკვლავით მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის.
დავით კვაჭაძე – ფოტოგრაფი და ამავდროულად მოკრივე. ბატონი დავითი ფოტოგრაფთან ერთად კრივის სამგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი გახლავთ. მას გამართული აქვს 20-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პერსონალური გამოფენა; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოში და საპატიო მოქალაქის წოდებით – ნიუ ორლეანში.

ლილი კინწურაშვილი – ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. ქალბატონ ლილის 18 სექტემბერს დასუფთავების სამსახურში მუშაობის და ჩვენი ქალაქის მსახურების 49 წელი შეუსრულდა. ის ამ სამსახურის ცოცხალი მემატიანეა, იცის რამდენიმე ენა და ყველა თანამშრომელს თავის ენაზე ელაპარაკება ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ელგუჯა ბურდული – ცნობილი მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. ბატონი ელგუჯა დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ მას თავისი შესრულებული დაუვიწყარი როლებით.

პაატა კერვალიშვილი – ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებული მეცნიერი ატომური ენერგიის მიმართულებით. პაატა კერვალიშვილი 500-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 35 გამოგონებისა და პატენტის ავტორია. ხელმძღვანელობდა 40-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციას, 50-ზე მეტ კონფერენციაზე კი მომხსენებლის სტატუსით იყო მიწვეული. ბატონი პაატა ნატოს სამეცნიერო საბჭოს ყოფილი წევრია, სენსორული სისტემების სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის დაფუძნების ინიციატორი და საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
ინგა ჯიბუტი – ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ტერმინოლოგი. ქალბატონი ინგა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ტერმინოლოგიური ლექსიკონის, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი ტექნიკური ტერმინოლოგიის მიმართულებით.

ბადრი ქუთათელაძე – მწერალი, პოეტი და მკვლევარი, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი. ბადრი ქუთათელაძე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, ღირსების ორდენის კავალერი, „ქართული კულტურის ამაგდარისა“ და „კულტურის რაინდის“ წოდების მფლობელი. დაჯილდოებულია რომის პაპის მედლით ქართველი მეცნიერის – მიხეილ თამარაშვილის სახელის უკვდავყოფისთვის. თბილისის ისტორიას და კულტურას ბადრი ქუთათელაძემ ოთხი ფუნდამენტური კვლევა მიუძღვნა.

გრიგოლ ჩიგოგიძე – თეატრმცოდნე და ჟურნალისტი. ბატონი გრიგოლი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეჟისორად, ოპერატორად, ჟურნალისტად. ის არის ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი. 1975 წლიდან არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოსტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი. დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ორდენით.

დავით მუსხელიშვილი – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბატონი დავითი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა; სხვადასხვა დროს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად.

გივი ღამბაშიძე – პროფესიით ზეინკალი, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობისთვის.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილი მოინახულა: წყალს წაუღია ყველა პარტია, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი – მთავრობა ქუთაისისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს და ძალიან მალე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ