თბილისის მერობისთვის მოძრაობა “ერთობა ახალი საქართველოს” სახელით, გიორგი ვაშაძე იბრძოლებს

თბილისის მერობისთვის მოძრაობა “ერთობა ახალი საქართველოს” სახელით, გიორგი ვაშაძე იბრძოლებს. ვაშაძე მოძრაობის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ წარადგინა.

მოძრაობის წევრებს და მხარდამჭერებს სიტყვით გიორგი ვაშაძემ მიმართა. ვაშაძემ ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, აქტიური პოლიტიკური დაპირისპირება და საერთო მიზნების არარსებობაა.

“სრულიად ახლებურად შევუდგეთ საქმის კეთებას. საქართველოს გერბზე გამოსახულია სიტყვები – „ძალა ერთობაშია“, მაგრამ რატომღაც ვერაფრით ვერ ვახდენთ ამ ერთიანობას, ვერ ვახერხებთ გაერთიანებას და სამწუხაროდ, ჩვენი მტერი ახლოს არის, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით. სარგებლობს ამ პრობლემებით, სარგებლობს იმით, რომ ჩვენ არ ვართ ერთიანები. მთავარი საკითხი არის ის, რომ ნაცვლად ერთობისა ჩვენ დაპირისპირებას ვანდომებთ მთელ დროს. ჩვენ მზად ვართ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. მზად ვართ ერთმანეთს ლუკმა პური წავართვათ. დაფიქრდით ამ დაპირისპირებამ როგორ გამოგვფიტა, როგორი რთულია დღეს ცხოვრება, რამდენად დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება უნდა მოხდეს საქართველოს განვითარებისა და სიძლიერისთვის. ვაშაძის თქმით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი როლი ძლიერ სახელმწიფოებს შორის.

„საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქთა შორის – ეს უნდა იყოს მიზანი, რისთვისაც თითოეული ჩვენგანი ვიბრძოლებთ,“ – აცხადებს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო დარღვევები კახეთში
შემდეგი სტატიასაქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა