თბილისის მერია საკრებულოდან დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ მთავრობის ახალ გუნდს წარმატება კიდევ ერთხელ უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქე იმ ხელშესახებ ცვლილებებს ძალიან მალე იგრძნობს, რომელიც დედაქალაქის სამომავლო კეთილდღეობისთვის განხორციელდება.

„ღია და გამჭვირვალე სტრუქტურული ერთეულები, კოორდინირებული და გუნდური მუშაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და საქმისადმი ერთგულება ის მთავარი პრინციპებია, რაც მომავალი ოთხი წლის საქმიანობას საფუძვლად უნდა დაედოს და ეს ასეც იქნება. წარმატებებს ვუსურვებ ახალ გუნდს და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე სულ მალე იგრძნობს იმ ხელშესახებ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენი დედაქალაქის სამომავლო კეთილდღეობისთვის, სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებისთვის განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტია და აღნიშნა, რომ მთავრობის დამტკიცებამდე, საკრებულოში წარდგენილ პროექტში ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ის ძირითადი პროგრამა წარვუდგინეთ, რომელიც ოთხწლიან განვითარების გეგმასა და ამ გეგმის განხორციელებისთვის შესაბამის პროექტებსა და პროგრამებს მოიცავდა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და მთლიანად იყო ასახული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს. შესაბამისად, ბიუჯეტში, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოშია წარდგენილი, ვერ ჩავერეოდით, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო დამტკიცებული და ამის არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა. შესაბამიასდ, მასში ვერ შევიტანდით ჩვენს ხედვებსა და გეგმებს, თუ რა პროექტები უნდა ასახულიყო ქალაქთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს სთხოვა, საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტი გამოითხოვოს, რათა მასში ის კონკრეტული პროექტები აისახოს, რომელიც მომავალ წელს, ქალაქის განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს.

„მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს, გამოითხოვოს წარდგენილი ბიუჯეტი და კანონის გათვალისწინებულ ვადებში, თბილისის საკრებულოში მისი გადაგზავნა მოხდეს. მასში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს იმ ბიუჯეტის საკრებულოში გადაგზავნაა, რომელშიც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არსებული პროექტები აისახება“, – აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიდათა ახალაიამ გირგვლიანის საქმეზე შესაძლოა ჩვენება მისცეს
შემდეგი სტატიალუქსემბურგის მთავრობას 12 წლის ქართველი მოზარდის დეპორტაციის გამო აკრიტიკებენ