თბილისის არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება

“10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში შევუდგებით მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვას და ამ გზით დავიწყებთ იმ ხარვეზების და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე:

“მერიაში მოსვლის დღიდანვე დავიწყეთ მუნიციპალიტეტის სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანია მუნიციპალური სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. დასრულებულია მერიის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, რამაც შედეგი გამოიღო და ამას მოსახლეობა დაინახავს მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. მინდა, ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლის ადრესატები ბიზნესსექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად. რა იყო ძირითადად ეს პრობლემები, რაც გარკვეულწილად სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა – ეს იყო მომსახურების ვადების სისტემური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება და ა. შ. ყველა ეს პრობლემა მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია. 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში შევუდგებით მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვას და ამ გზით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. დარწმუნებული ვარ, პრობლემებზე, რომლებიც საქალაქო სამსახურებშია, არასდროს თვალს არ დავხუჭავთ. ნაბიჯებს გადავდგამთ იმისკენ, რომ ყველა ეს პრობლემა მოგვარდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ახალი მემარჯვენეები” პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს ასახელებენ
შემდეგი სტატიაქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს