თბილისის ანძა ხვალ ლიტვის ეროვნული დროშის ფერებში განათდება

თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო

თბილისის ანძა ხვალ ლიტვის ეროვნული დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს. საელჩოს ინფორმაციით, ვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის სისხლიანი მოვლენებიდან, რომელიც თბილისში 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ანალოგია, ხვალ 25 წელიწადი შესრულდება. ამ დღის აღსანიშნავად ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ლიტვის საელჩოს ორგანიზებით, საპარლამენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე და მწერალი დავით ტურაშვილი მიიღებენ. საღამოს კი ლიტველი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა ლიტვის ეროვნული დროშის ფერებში განათდება. “თბილისის ანძის განათებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან 13 იანვრის ღამის სიმბოლო სწორედ ვილნიუსის სატელევიზიო ანძაა. 13 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის საღამოს ეთერში ლიტვის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელი თავმჯდომარის, ვიტაუტას ლანდსბერგისის ინტერვიუ და ლიტველი და შვედი რეჟისორების დოკუმენტური ფილმი “თავისუფლების ტრაექტორია” გავა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ლობიოსავით დაბნეული… უზრდელი არსება” – რურუა კალაძის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაბრიტანული როკის ლეგენდა დევიდ ბოუი (foto)