“თბილისის აეროპორტში 316 კვტ სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა”

mzeთბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იაპონური მხარის დახმარებით შექმნილი მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა ამუშავდა.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა თბილისის აეროპორტში (ენერგიის გენერაციის სიმძლავრე 316 კილოვატი, გაანგარიშებული წლიური ენერგოგამომუშავება 337 000 კვტ.სთ, რაც ფარავს აეროპორტის შენობის საჭიროების 40%-ს) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ენერგიის გენერაციის სიმძლავრე 34 კილოვატი, გაანგარიშებული წლიური გამომუშავება 30 000 კვტ.სთ, რაც ფარავს უნივერსიტეტის შენობის საჭიროების 15%-ს).
თბილისის აეროპორტში CO2-ის ემისირების შემცირებაა 187.0 ტ/წელიწადში, ხოლო ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში16.6 ტ/წელიწადში, რაც ჯამში შეესაბამება 569 000 მ2 ფართობის ტყეს.
საგრანტო დახმარების ოდენობა შეადგენს 480 000 000 იაპონურ იენს (დაახლოებით 4.8 მილიონ აშშ დოლარს).
სამშენებლო სამუშაოები იაპონურმა კომპანია “Itochu Corporation”-მ, მისი ქართული და იაპონური ქვეკონტრაქტორების -Fuji Furukawa Engineering & Construction Co.Ltd. და შპს „გრუსიას“ მეშვეობით განახორციელა. სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა იაპონური კომპანია „Oriental Consulting”. პროექტი უახლესი იაპონური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.
გამომუშავებული ელექტროენერგია აეროპორტის ტერმინალების განათებას მოხმარდება.
გარდა ამისა, გრანტის ფარგლებში, იაპონელი სპეციალისტების მიერ მართვასა და ოპერირებაში აეროპორტისა და ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელები გადამზადდნენ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
პროექტი მიზნად ისახავს სუფთა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და განვითარებას საქართველოში. მისი დანერვის შედეგად შემცირდება C02-ის ყოველწლიური ემისია. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, რაც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს საფრთხეების რისკების შემცირებას ეკონომიკისა და ბუნებრივ ეკოსისტემაში.
იაპონური მხარის დახმარებით დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით მოხდება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავება, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, სისტემის მარტივი ოპერირება და მართვა, უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება ექსტრემალურ პირობებში და ელექტროენერგიის გამომუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვა.

banner
წინა სტატიაშიოდესელმა აქტივისტებმა გეორგიევსკის ბაფთის გამო დნესტრისპირეთის მკვიდრის მანქანა დაამტვრიეს
შემდეგი სტატიარაგბისტ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე დღეს გარდაიცვალა