„თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს მოსამართლეობისთვის წარდგენილ სიაში შეტანილ არც ერთ კანდიდატურას

„თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის წარდგენილ სიაში შეტანილ არც ერთ კანდიდატურას, თუ იუსტიციის საბჭო არ გაითვალსიწინებს ფართო საზოგადოების მოთხოვნას და უკან არ გაიწვევს მოცემულ სიას, – ამის შესაბამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

„2018 წლის დასასრულს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა, სრული შემადგენლობით, აგრეთვე სამმა არამოსამართლე წევრმა – შოთა ქადაგიძემ, ზაზა ხარებავამ და ლევან გზირიშვილმა, საბჭოს სამი სხვა არამოსამართლე წევრისგან და საზოგადოებისგან მალულად, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციის გარეშე, საქართველოს პარლამენტს თვითნებურად წარუდგინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა 10 კაციანი სია, რომელშიც შედიან საზოგადოებისთვის მიუღებელი კანდიდატები, მათ შორის – მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია და სხვები, რომლებმაც თავიანთი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მზად არიან შეასრულონ პოლიტიკური ხელისუფლების ნებისმიერი დავალება, რისთვისაც საზოგადოებაში მათ ნდობა პრაქტიკულად არ გააჩნიათ. ორიოდე დღის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგივე უმრავლესობამ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განამწესა საზოგადოებისთვის კიდევ ერთი მიუღებელი მოსამართლე – ლევან მურუსიძე, რამაც მთლიანად ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ამ მოვლენებმა ყველას ნათლად დაანახა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩააბარეს ვიწრო ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებაში „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ და რომლის წევრები, ბოროტად იყენებენ რა მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილ იმუნიტეტსა და სხვა გარანტიებს, ცდილობენ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიყვანონ საკუთარი კანდიდატურები, რითაც დასრულდება ამ ჯგუფის მიერ საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს სრულად გაკონტროლების პროცესი, რომელიც სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მიზნით, ქვეყნის ფაქტიური მმართველის ბიძინა ივანიშვილისა და დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლების მაღალი ეშელონების ორგანიზებით, წაქეზებითა და ხელშეწყობით რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

მართალია, საზოგადოებისა და პარლამენტის წევრთა გარკვეული ჯგუფების ძალისხმევით ეს პროცესი დროებით შეჩერდა, იგი აუცილებლად განახლდება საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე და საზოგადოება კვლავ აღმოჩნდება იმ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლო ხელისუფლებას მთლიანად დაეპატრონება მოსამართლეთა ჯგუფი, რომლის ამოცანა არა მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელება, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება, არამედ – საკუთარი ვიწრო კორპორატიული და სხვა უკანონო მიზნების განხორციელებაა. მოვლენათა ამგვარი განვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილობასა და განვითარებას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალსა და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის იმედს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოში.

ზემოაღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს გადაუდებელი ზომები:

1. საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიაში შეტანილ არცერთ კანდიდატურას, თუ იუსტიციის საბჭო ყურად არ იღებს ფართო საზოგადოების მოთხოვნას და უკან არ გაიწვევს მოცემულ სიას. მოვუწოდებთ პარლამენტის თითოეულ წევრს, ჯეროვანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყნის მომავლისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვან საკითხებს. პარლამენტის წევრებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა ღია კენჭისყრით წარმოებს.

2 საქართველოს პარლამენტმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა (საბჭოს წევრის „მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება“) და მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაიწვიოს მის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის სამი არამოსამართლე წევრი – შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი, რომლებმაც საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენისას, არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და საბჭოს მოსამართლე წევრებთან წინასწარი შეთანხმებით ხმა მისცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის საზოგადოებისთვის მიუღებელ კანდიდატებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული სიის წარმოდგენა იუსტიციის საბჭოს მხრიდან არაჯეროვან მოქმედებად ფაქტიურად უკვე შეაფასა, რაზედაც ის გარემოება მეტყველებს, რომ პარლამენტმა წარმოდგენილი სიის განხილვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სათანადო კრიტერიუმებისა და წესის შემუშავებამდე გადადო.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსამართლეობის ოდიოზური კანდიდატებისთვის ხმის მიცემა არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საბჭოს ზემოაღნიშნული არამოსამართლე წევრი ხელს უწყობს სასამართლოში გაბატონებულ მოსამართლეთა კლანს თავისი კანონგარეშე საქმიანობის განხორციელებაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მთავარი უფლებამოსილება და ფუნქცია მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმეების სამართლიანად და ეფექტიანად წარმოებაა. როგორც თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტყველებს, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა წინააღმდეგ შეტანილი დაახლოებით 1500 საჩივრის განხილვის შედეგი ის არის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას განსახილველად მხოლოდ 4 საქმე გადასცა. ამ რიცხვთა თანაფარდობა იმაზე მეტყველებს, რომ მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად და სისტემატურად თავს არიდებს ამ სფეროში თავისი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, თვალს ხუჭავს მოსამართლეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებზე და ამ გზით ხელს უწყობს მოსამართლეთა შორის დაუსჯელობის და კორპორატიზმის მენტალობის განვითარებას. ამგვარი ვითარებისათვის პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად ზემოთ მითითებულ 3 არამოსამართლე წევრსაც ეკისრება.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებს, მოსამართლეთა კორპუსში ჯერ კიდევ არიან პატიოსანი მოსამართლეები, რომლებიც არ არიან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები. მეტად საშური საქმე იქნებოდა თუ ასეთი მოსამართლეები შეძლებდნენ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის მოწვევას, რომელიც განიხილავდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობით გაწვევის საკითხს.

მოვუწოდებთ თითოეულ მოსამართლეს, რომელიც არ არის სასამართლო ხელისუფლებაში გაბატონებული კანონგარეშე კლანის წევრი, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს სასამართლო ხელისუფლებაც და საკუთარი თავიც ამ კლანის უკანონო მმართველობისაგან. იცოდეთ, რომ ქართული საზოგადოება თქვენს გვერდით დგას.

„თავისუფალ დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ გადამჭრელ ზომებს შეუძლია გაათავისუფლოს სასამართლო ხელისუფლება დაპატრონებული კლანისაგან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევად სათანადო პროცედურების შემუშავება ჩვენც აუცილებელ ამოცანად მიგვაჩნია. თუმცა, მხოლოდ ასეთი პროცედურების დადგენა, ზემოაღნიშნული გადამჭრელი ზომების გატარების გარეშე, არა მხოლოდ არაფექტური იქნება, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან სასამართლო ხელისუფლებას დაპატრონებული კლანისთვის არავითარი პროცედურების დადგენას არ ექნება მნიშვნელობა. საბჭოს დღევანდელი შემადგენლობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს უზენაეს სასამართლოში საკუთარი კლანის წევრების გაყვანა თუნდაც „კანონით დადგენილი პროცედურების საფუძველზე“.

წინ ძალზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი, თავისი არჩევანით პასუხს აგებინებს ყველას, ვინც ცდილობს უარი უთხრას ამ ქვეყანას, იქონიოს ჭეშმარიტად სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“არ მგონია, დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში” – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება მეგობარ სახლემწიფოებთან