თამარ ჟვანია – შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებში საჩივრები არ ფიქსირდება

region
ავტ.: region ნოემბერი 3, 2020 16:23

თამარ ჟვანია – შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებში საჩივრები არ ფიქსირდება

შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით უბნებში საჩივრები არ ფიქსირდება, გამონაკლისების გარდა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემაჯამებელი ოქმი, მათ შორის შესწორების ოქმები განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე და მისი ნახვა ყველას შეუძლია.

ჟვანიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ყველა ოქმი, ისეთი, როგორიც გამოიგზავნა უბნიდან და ოლქიდან, პირდაპირ არის განთავსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე. ყველა ოქმი არის საჯარო და ხელმისაწვდომი, მათ შორის შესწორების ოქმები, რომლებიც მიიღეს საუბნო საარჩევნო კომისიებმა. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ორგანიზაციას, ნებისმიერ მხარეს შეუძლია, აიღოს ისინი და დათვალოს. ამავდროულად, კომენტარები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრები ჰყავს დანიშნული, ძირითადად არ მიიღეს მონაწილეობა წილისყრის პროცედურებში და შესაბამისად, მხოლოდ ათ წევრს ან ნაკლებს მოუწია წილისყრის პროცედურებში მონაწილეობის მიღება.

ასევე, რა თქმა უნდა, საჩივრები შედის საოლქო საარჩევნო კომისიებში, თუმცა შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით უბნებში საჩივრები არ ფიქსირდება, გამონაკლისების გარდა.

პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე იმ თვალსაზრისით, რომ აკვირდებოდა 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ოთხი ათასი აკრედიტებული დამკვირვებელი და მედიის ექვსი ათასამდე წარმომადგენელი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

region
ავტ.: region ნოემბერი 3, 2020 16:23