თამარ ჟვანია ამომრჩევლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს მიმართავს

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს შევახსენებთ, რომ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი. მისივე ინფორმაციით, ხმის დათვლის პროცესი კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება და საუბნო შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

„საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს შევახსენებთ, რომ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. კანონმდებლობის თანახმად, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი. 28 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა ხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ. ამასთან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ესწრებიან ცესკოს სხდომებს, ახორციელებენ ცესკოს საქმიანობის მონიტორინგს და მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შედეგების შეჯამების პროცესში, კონკრეტულად, მათი დამკვირვებლები ცესკოს ოპერატორებთან ერთად სურვილის შემთხვევაში განახორციელებენ საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ჟესტურ ენაზე ვიდეო ზარით მიიღოს სასურველი ინფორმაცია. სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან ამომრჩევლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

28 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმავლობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია კანონმდებლობის შესაბამისად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით მოემსახუროს ამომრჩევლებს; მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს საზოგადოებრივი ინტერესებისადმი პატივისცემით, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს, იმოქმედონ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას,”- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ
შემდეგი სტატიაშსს – მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად პოლიციის მობილური ჯგუფებია შექმნილი