თამარ ჩუგოშვილი – პოლიციის ზუგდიდში ყოფნა ერთადერთ მიზანს, მართლწესრიგის დაცვას მოემსახურება

ათასობით ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან ჩადის ზუგდიდში, სხვას არაფერს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, გარდა იმისა, რომ კენჭისყრის პროცესში უბნებთან იყოს დიდი მასის მობილიზება, რაც, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე უბნებთან დაპირისპირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზუგდიდში სუს-ის წარმომადგენლების მობილიზებაზე ოპოზიციის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ზუგდიდში ყოფნა მართლწესრიგის დაცვას ემსახურება.

„ერთადერთი, რაც შეიძლება, მოხდეს, არის სამართალდამცავი ორგანოების, ანუ პოლიციის, შსს-ს შესაბამისი რაოდენობის წარმომადგენლების ყოფნა ზუგდიდში სწორედ ერთადერთი მიზნისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი. დანარჩენი, რაც შეეხება ადამიანების მობილიზებას, ამას აკეთებს ოპოზიცია, მათ ამის შესახებ განცხადებაც გააკეთეს. ათასობით ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან, როგორც ჩანს, ჩადის ზუგდიდში და სხვას არაფერს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, გარდა იმისა, რომ არჩევნების დღეს, კენჭისყრის პროცესში უბნებთან იყოს დიდი მასის მობილიზება, რაც, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე უბნებთან დაპირისპირებით. ამის აცილება არის ჩვენი მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი რაოდენობით ადამიანების, ასეულობით ადამიანის მობილიზება როდესაც ხდება საარჩევნო უბანთან, რეალურად ეს არ აძლევს ამომრჩეველს შესაძლებლობას, რომ თავისუფლად, მშვიდად დააფიქსიროს თავისი ნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, უკვე ცხადია, ამომრჩეველი ვის უჭერს მხარს და არის მცდელობები, არჩევნების გარშემო გაჩნდეს კითხვები.

„ჩვენ გვინდა მხოლოდ ასეთი პროცესის უზრუნველყოფა, სრულიად დარწმუნებულები ვართ ამ არჩევნების შედეგებში. ვფიქრობთ, აქ საეჭვო და სადავო არაფერი იქნება, რადგან უკვე ჩანს, მხარდაჭერა ვის მხარეს არის. არ უნდა დავუშვათ, რომ საარჩევნო გარემოს და არჩევნების წარმართვის შესახებ გაჩნდეს რაიმე კითხვები. ამის მცდელობებს კი ვხედავთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყოფილი მინისტრის მოსაზრებების მოსმენა სურთ, ეს ნორმალური მოვლენაა”
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია – მმართველ გუნდში დისკუსიის დროს მართლაც მიწოდეს უცხო სხეული